„მწვანე ალტერნატივამ" კომპანია RMG-ის სახიფათო ნივთიერებებთან მოპყრობის პრაქტიკის შემოწმების მოთხოვნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს განცხადებით მიმართა. განცხადებაში საუბარია 9 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განხვავებული აქცენტების" სტუმრის, ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ კომპანია RMG-ის ნებისმიერ მუშას შეუძლია საწარმოდან ციანიდის გამოტანა.
„მწვანე ალტერნატივა" მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ირაკლი მამალაძე პროკურატურის მიერ მიჩნეულია სანდო მოწმედ იმდენად მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა, ე.წ. „ციანიდის საქმე“, ვფიქრობთ, არც ჩვენ გვაქვს მის ზემოთ მოყვანილ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
„გთხოვთ, გამოიყენოთ კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და შეამოწმოთ საწარმოში სახიფათო ნივთიერებებთან მოპყრობის პრაქტიკა; დარწმუნედეთ, რომ დაცულია, როგორც ზოგადად ქვეყნის მოსახლეობა საწარმოდან გამოტანილი სახიფათო ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, ისე საწარმოში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ ამ ნივთიერებებზე“, - წერია განცხადებაში.