Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი პეტრე წერილს აქვეყნებს - „ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია“

14 მარტი, 2017 14:38

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) წერილს, რომელიც 11 მარტს არის დაწერილი, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს:

„მესმის, მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა. სინოდის სხდომაზე, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისათვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისევე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს, ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არა გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე ? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური „ციანიდის საქმის“ შემდეგ ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით, დაწერილი წინადადებებით შემოიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით.

რაც შეეხება ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდების მუხლებს, კარგი იქნებოდა 34 კანონის განმარტება მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის, რომელშიც აშკარა მიკერძოება იკვეთება - ამ კანონში ასევე ვკითხულობთ: პირველმა პირმა არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად... ანტიოქიის მე-9 კანონი კი დამატებას წარმოადგენს 34 კანონისა, ასევე ტრულის კრების მე-20 კანონი, რაც არასდროს დაგვირღვევია და უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებდით კათოლიკოსისა, მის შემავალ სამრევლოში კი არასდროს ჩავრეულვართ. უფრო მეტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობა გვაძლევდა იმის საშუალებას, თუ ვინ მოგვეწვია სასაუბროდ და ეკრანიდან საქადაგებლად. ბალხამონის განმარტებით: „ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება, თუკი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა“. დასამტკიცებლად ამისა, ბალხამონს მოჰყვა გრიგოლ ნაზიანზეკისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითი. შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრის ვალდებულებაა, დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, აზრის დაფიქსირების უფლება კი სახარებაზეა დაფუძნებული. ზონარა უფრო მკაფიოდ განმარტავს: „მაგრამ ის არ შესცოდავს, თუკი კითხვით მიმართავს მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც“... ხოლო, 55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია მსგავსი შეცდომების დაშვება...

ხოლო, მეორე მსოფლიო კრების, მე-6 კანონი სხვა რამეზე მეტყველებს: “...თუ ბრამლდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რამე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდ სამთავროს ეპისკოპოსთა კრებას”. ვაღიარებ, რომ არც ერთი პროცედურა არ ჩატარებულა და სხდომაც კანონდარღვევით წარიმართა. მიუხედავად სინოდის სხდომაზე ჩემ მიერ მოყვანილი ეკლესიაში არსებული ფაქტებისა, რაზეც მოკვლევა უნდა დაწყებულიყო.

მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად. მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა.

რატომ გვიჭირს, ვაღიაროთ ეს სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვას.

ეკლესიის დიკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას."

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს გაიმარტა სინოდის სხდომა, რომელზეც პეტრე ცაავამ გაფრთხილება მიიღო და საპატრიარქოს ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^