
„თეთრი ხმაურის მოძრაობის" შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი (მცენარე კანაფზე და მარიხუანაზე) აბსოლუტურად უგულებელყოფს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებს, „რადგან კანონპროექტი მიზნად ისახავს არა ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას და სისტემურ ცვლილებებს, არამედ საკითხის დავიწროებას ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, მაშინ როდესაც მარიხუანასთან დაკავშირებით უკვე ისედაც მნიშვნელოვნად არის შერბილებული სასამართლო პრაქტიკა".
მათი თქმით, შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასაც კი არ ახდენს.
„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული ნორმის (თუნდაც მისი ნორმატიული შინაარსის) გაუქმების ლოგიკური გაგრძელება საკანონმდებლო ორგანოს მიერ ახალი, კონსტიტუციასთან შესაბამისი ნორმების შემუშავებაა. თუმცა ამგვარი კანონპროექტის შესამუშავებლად შესაბამის უწყებებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ და საკითხის ტექნიკური მოწესრიგება გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს დროშივე იყო შესაძლებელი. დღეს კი გაცილებით ფართო ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრანსფორმაციაზე ზრუნვაზე დამყარებული დაბალანსებული მიდგომით.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უყურადღებოდ ტოვებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც პირდაპირი მსხვერპლია 2006 წელს „ნულოვანი ტოლერანტობის” სახელით დაწყებული და დღესაც მიმდინარე პოლიტიკისა, რომლებიც ფაქტობრივად არაფრის გამო იხდიან წლობით სასჯელებს საპატიმრო დაწესებულებებში. შემოთავაზებული ცვლილებები არ აუმჯობესებს ათობით ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანის მდგომარეობას – მათ კვლავაც მოუწევთ პოლიციური დევნის, არაღირსეული მოპყრობის და საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ ცხოვრება. კანონპროექტი გულგრილია იძულებითი ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკის მიმართ, აგრეთვე იმ რიგი სამართლებრივი პრობლემებისა, რომლებიც ყოველდღიურად გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს არაერთ მოქალაქეს.
ამის საპირისპიროდ, ქვეყანაში არსებობს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაც სისტემური საკანონმდებლო ცვლილებებია და ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადადგმული, რაზეც ასევე აქვს ინფორმაცია, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებს. მეტიც, უკვე ორი თვეა პლატფორმა თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან სისტემური რეფორმის პარამეტრებზე შესათანხმებლად. პროცესი აერთიანებს თემაზე მომუშავე თითქმის ყველა სამოქალაქო აქტორს, პროფესიულ თემს, ნარკოტიკის მომხმარებლებსა და აქტივისტურ ჯგუფებს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის შესაძლო საფრთხე, რომ რეალურად სახელმწიფო არ აპირებს რეპრესიული იარაღის დათმობას და მორიგ ფასადურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე. ის ერთის მხრივ თანამშრომლობს პლატფორმასთან (ჯანდაცვის კომიტეტი), თუმცა მეორეს მხრივ ავითარებს სრულიად საპირისპირო სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს (იუსტიციის სამინისტრო და უწყებათაშორისი საბჭო) და ქმნის რეალურ საფრთხეს, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის მცდელობის ფონზე მხოლოდ ფასადური ცვლილებები გაატაროს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად მიღებული სურათის საკანონმდებლო მოწესრიგებას გულისხმობს.
თეთრი ხმაურის მოძრაობა არ აპირებს შეეგუოს სახელმწიფოს ამგვარ ქმედებას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ძირითად ამოცანას – ნარკოტიკების მომხარებელი არ ცნოს დამნაშავედ, ჩაითვლება წარუმატებელ რეფორმად, რომელსაც პარტნიორებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ექსპერტებთან და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შეეწინააღმეგება.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა" უარს ვიტყვით ნებისმიერ არასრულ, ფასადურ ცვლილებაზე და მთელ ენერგიასა და რესურსს სწორედ პლატფორმის მიერ მომზადებული, კომპლექსური რეფორმის დასაცავად მივმართავთ", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებაში.