Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი": მარიხუანაზე სამინისტროს კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა

14 მარტი, 2017 18:00

„ჩვენი შეფასებით, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონდებლო ცვლილებების პროექტი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობა", - ამის შესახებ „ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" აცხადებს.

„ჩვენ თვეების განმავლობაში გვესმოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში რევოლუციური ცვლილებების გატარებას გეგმავდნენ. თუმცა წარმოდგენილი პროექტიდან ცხადად ჩანს, რომ რეალურად არაფრის შეცვლა არ იგეგმება - ნარკოტიკების მოხმარებისთვის ამ ქვეყანაში ისევ დასჯიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში კვლავ დარჩება ადამიანების მუდმივი ტერორის ქვეშ შენარჩუნების ბერკეტი.„გირჩი“ გააგრძელებს ბრძოლას ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის მანამ, სანამ არ გაუქმდება ყველანაირი სასჯელი ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის და არ მოხდება კანაფისა და კანაფის პროდუქტების რეგულირებული დაშვება ბაზარზე", - ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებების პროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელიც ბექა წიქარიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე მიიღეს. „ლიბერალმა" მოიპოვა აღნიშნული პროექტის ის ვერსია, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გაავრცელა კანაფის სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, პროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმა 300 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები.

ასევე, მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები).

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

აღნიშნული ქმედების (მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.

ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფისმიერ, არაერთგზის და ა.შ. დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 8 წლამდე ვადით. ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე ვადით.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი აბსოლუტურად უგულებელყოფს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებს, „რადგან კანონპროექტი მიზნად ისახავს არა ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას და სისტემურ ცვლილებებს, არამედ საკითხის დავიწროებას ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, მაშინ როდესაც მარიხუანასთან დაკავშირებით უკვე ისედაც მნიშვნელოვნად არის შერბილებული სასამართლო პრაქტიკა".

მათი თქმით, დღეს გაცილებით ფართო ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრანსფორმაციაზე, ზრუნვაზე დამყარებული დაბალანსებული მიდგომით.

„იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უყურადღებოდ ტოვებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც პირდაპირი მსხვერპლია 2006 წელს “ნულოვანი ტოლერანტობის” სახელით დაწყებული და დღესაც მიმდინარე პოლიტიკისა, რომლებიც ფაქტობრივად არაფრის გამო იხდიან წლობით სასჯელებს საპატიმრო დაწესებულებებში. შემოთავაზებული ცვლილებები არ აუმჯობესებს ათობით ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანის მდგომარეობას – მათ კვლავაც მოუწევთ პოლიციური დევნის, არაღირსეული მოპყრობის და საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ ცხოვრება. კანონპროექტი გულგრილია იძულებითი ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკის მიმართ, აგრეთვე იმ რიგი სამართლებრივი პრობლემებისა, რომლებიც ყოველდღიურად გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს არაერთ მოქალაქეს", - აცხადებს „თეთრი ხმაური".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^