ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩნეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. სამინისტრო აცხადებს, რომ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
„კანონის თანახმად, დაკავებულს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ოდნავი სიწითლე, ასევე, სიწითლე მაჯებზე - რგოლის სახით, რაც ხელბორკილებისგან იყო მიყენებული. დ.ხ.-ს შუბლზე - ორ ადგილას და ფეხის ტერფზე - ერთ ადგილას აღენიშნებოდა ძველი, დაკავებამდე მიყენებული დაზიანების კვალი. გარდა ამისა, დაკავებულს იზოლატორში შეყვანის დროს არც ერთი სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დაფიქსირებულია სამედიცინო შემოწმების დროს გადაღებულ ფოტოსურათებში.
დაკავებული პირის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. 2009 წელს ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) და სსკ-ს 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)" - ნათვამია შსს-ს განცხადებაში.
ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.