სამშენებლო კომპანია m2 ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს 4 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. ტერიტორია, რომელზეც m2-ის კორპუსები უნდა აშენდეს, სარეკრეაციო ზონა 1-ია. სარეკრეაციო ზონა 1-ში კი, კანონით, ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა თბილისის მერიამ ფუნქციური ზონის შეცვლაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, 2008 წლის 16 ივნისს (01/783 ბრძანება).
არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს მოითხოვეს შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება. ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი განხილული იყო საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე და მიეცა მას დადებითი რეკომენდაცია.
არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ დადებითი რეკომენდაცია წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ტექნიკურად ასახვას გულისხმობდა.
საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართია 19,614კვ.მ. m2-ის კომპლექსი შედგება 4 ბლოკისგან, A და B ბლოკი საცხოვრებელი ბინები ხოლო C და D ბლოკები საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტებისგან. ამავე ტერიტორიაზე ასევე აშენდება ეკლესია.
„თუ კი თბილისის საკრებულო კანონით დადგენილი ყოველგვარი მოთხოვნის უგულებელყოფით და საჯარო ინტერესის იგნორირებით სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნაზე თანხმობას გასცემს და შესაბამისად, მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებს. მოსახლეობა ყველა შესაძლო გზით დაიცავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და არ დათმობს სარეკრეაციო ზონას, რომელიც ამ უბნის მცხოვრებთათვის შეუცვლელ, მნიშვნელოვან საჯარო და ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელ სივრცეს წარმოადგენს“,- ნათქვამი იყო „პარტიზანული მებაღეობის“ განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.
საპროექტო ტერიტორია
„პარტიზანული მებაღეობა“: მერიამ კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონის ცვლილებას დაუჭირა მხარი