
სს „კრედო ბანკმა" საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. იგი აქამდე ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა.
საქართველოს ეროვნული ბნაკის ინფორმაციით, დღეისათვის, სს „კრედო ბანკისათვის" ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
„კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.
თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს „კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა. სს „კრედო ბანკის" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს" - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.