„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი 2 აპრილს გამოცხადდება. ამის შესახებ „ლიბერალს“ თინათინ ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღმასრულებელმა მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს მიმდინარე კვირის ორშაბათს კონკურსის შესახებ ინფორმაცია უკვე წარუდგინა. კერძოდ - რომელ მიმართულებებზე გეგმავს მენეჯმენტი კონკურსის გამოცხადებას. ასევე მიაწოდა ინფორმაცია კონკურსის პირობებზე/კრიტერიუმებსა და ვადებზე. მისივე თქმით, მენეჯმენტმა საბჭოსთან საკონკურსო კომისიების ფორმირების წესზეც იმსჯელა.
კითხვაზე, რომელ მიმართულებებზე გამოცხადდება კონკურსი და სულ რამდენი გადაცემის შერჩევას გეგმავს „მაუწყებელი“ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის, თინა ბერძენიშვილმა გვიპასუხა, რომ ჯერ ამ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემს, რადგან მენეჯმენტს საკუთარი ხედვა საბჭოსთან ჯერ არ შეუთანხმებია.
„პარასკევს მორიგი სამუშაო შეხვედრა გვაქვს სამეურვეო საბჭოსთან. ვმუშაობთ დეტალებზე, გავიარეთ უკვე კონკურსის პირობები და წესები, მიმართულებები გადაგზავნილი გვაქვს და ველოდებით მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. იმედი მაქვს, რომ პარასკევს უკვე შევჯერდებით და იქითა კვირას კონკურსს დაავანონსებთ“, - ამბობს თინათინ ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, კონკურსი სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე კონკურასტანებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა; მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება, რომელიც პროექტის პრეზენტაციას მოიცავს; მესამე ეტაპზე ჩაიწერება პილოტი. ამის შემდეგ კი გამოვლინდება გამარჯვებულები. თინა ბერძენიშვილის თქმით, კონკურსის ყველა ეტაპი მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სამეურვეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის თქმით, ორშაბათს მენეჯმენტმა საბჭოს წარუდგინა სამუშაო ვარიანტი, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
„წარმოდგენილი იყო შავი მონახაზი. გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი. როგორც შეხვედრაზე გაცხადდა, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ მიმართულებებზე: კულტურა, განათლება, საბავშვო, ახალი ამბები, სოციალური, პოლიტიკა თოქ-შოუ, ჯანმრთელობა. ეს მიმართულებები არის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გადაცემები იქნება და როგორ წარიმართება ისინი. თითოეულ მიმართულებაზე უფრო დაწვრილებით ცნობილი არაფერია“, - განუცხადა „ლიბერალს“ ქეთევან მსხილაძემ.