ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დღეს ბევრი სამინისტრო ისეთ ადგილზეა განთავსებული, სადაც ჯობს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც ქალაქის ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის. მისი თქმით, საქართველო ტურისტული ქვეყანაა, ამდენად ეს ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს.
„სამთავრობო ქალაქის" პროექტზე მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამოსავალი წერტილი არის ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაადასტურებს, რომ ეს იქნება საინტერესო როგორც ეკონომიკურად, ისე სივრცითი მოწყობის კუთხით, ეს იქნება ძალზედ სერიოზული ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით. გრგ ნიშნავს იდეის შესწავლას; ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის აუცილებლობა ხარჯის ოპტიმიზაციის.
გრგ კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე. იქ არის გარკვეული წერტილი, სადაც იმ შემთხვევაში, თუ სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში დადასტურდება გრგ-სა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საშუალებით, მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყდება ეს ყველაფერი“ - თქვა მინისტრმა.
„გადავწყვიტეთ, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნესსახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო, სადაც მოხდება სამინისტროების გადატანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.