განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა რექტორთა საბჭოს განცხადება, რომელიც საბჭომ 15 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. რექტორთა საბჭოში შედიან აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის რექტორები.
განცხადებას "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ
“2017 წლის 15 მარტს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას თავმჯდომარეობით, გაიმართა საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელებლების რექტორთა საბჭოს სხდომა.
რექტორთა საბჭომ მიიღო განცხადება
რექტორთა საბჭო ულოცავსსაქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.
საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა ბოლო 40 წლის მანძილზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს.
რექტორთა საბჭო შეშფოთებით ადევნებს თვალს, უკანასკნელ ხანს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, მისი მეთაურის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, ულოცავს მას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა, რექტორთა საბჭო გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მისი მეთაურის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინამძღოლობით ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს“,- ნათქვამია განცხადებაში.