როგორც Reuters იუწყება, დღეს კრემლმა უარი განაცხადა აშშ-ისა და ევროკავშირის მოწოდებების შესრულებაზე, გაეთავისუფლებინა გუშინ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები. კრემლის განცხადებით, დემონსტრაციები არასანქცირებული იყო და ორგანიზატორები მოზარდებს თანხას უხდიდნენ აქციებზე დასასწრებად.
კორუფციის დასაგმობად და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებულია ასობით მოქალაქე, მათ შორის - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, პრესკონფერენციაზე საპროტესტო აქციებს „პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი აქტივისტები მომავალშიც შეეცდებიან, ხელი შეუწყონ ადამიანებს კანონის დარღვევაში.
პესკოვის განცხადებით, კრემლი მხოლოდ იმ ადამიანებს მოუსმენს, რომლებიც სანქცირებულ აქციებში მონაწილეობდნენ.
ფოტო: NBC NEWS