საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.
„სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას, რომელსაც ექვემდებარება საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის/ორგანოს ქმედება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. კონკურსის განმავლობაში და მისი დასრულებისას ექსპერტის ვინაობის გაუმჟღავნებლობა კი წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, ვინაიდან ექსპერტი მონაწილეობს სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, მისი შეფასებები ხელს უწყობს ფონდს გრანტების გაცემის საკითხის გადაწყვეტაში. ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, რომლის ხელმისაწვდომობაზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ინფორმაციის თავისუფლების პრინციპები.
სასამართლოს აზრით, ექსპერტის ვინაობის ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ, დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ამასთან, სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ექსპერტის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა მოიცავს იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლოა წარმოადგენდეს დაინტერესებული პირის, საზოგადოების ინტერესის საგანს. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხები ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ დისკრეციას არ უნდა იყოს მინდობილი და თითოეულ აქტიურ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ასევე, ისეთი ინფორმაციის გაცნობაზე, რომლის ღიაობის საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილებასაკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.