არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, სხეულის დაზიანება მიიღო დაახლოებით 1400-მდე პირმა.
დავით მესხიშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.
„იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400 -მდე ადამიანმა მიიღო. სტატისტიკა კვლავ რჩება სტაბილურად უმძიმესი. ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. 2015 წელს რუსეთი და სომხეთი იყო, გზებზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობით. მდგომარეობა საგანგაშოა“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა
მესხიშვილის განცხადებით გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები დაბალი ჯარიმითა და გზებზე არსებული „შავი წერტილებით” არის გამოწვეული.
„ჩემი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიზეზები არის რამდენიმე - პირველი ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არც ერთი სამსახური არ არსებობს საქართველოში. საპატრულო პოლიცია, რეალურად, რეაგირებას ახდენს მომხდარზე. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას. ამასთანავე, მომრავლებულია არალიცენზირებული ავტოსკოლები. ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობით და გზებზე „შავი წერტილების” არსებობით. ასეთ ადგილებზე უნდა გადიოდნენ ექსპერტთა ჯგუფები, შეისწავლონ ლოკაციები - ხომ არ არის გარემო ფაქტორის ბრალი, ხომ არ არის განათება არასწორად ან საგზაო ნიშანი, ან მოსახვევი ხომ არ არის მკვეთრი. ჩვენი მოთხოვნებია, გამოსწორდეს აღნიშნული პრობლემები, განახლდეს კანონპროექტის განხილვა”, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.