საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე.
დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, იგივე ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დიდი ოდენობით და დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე იქნება.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით, ცვლილებები შედის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშინ, რის მიხედვითაც ახლებურად განისაზღვრა კანაფისა და მარიხუანის დიდი ოდენობები. გაზრდილია კანაფისა და მარიხუანის მხოლოდ დიდი ოდენობები და კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობა.