საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადების საფუძველზე შეისწავლა ინტერნეტსივრცეში განთავსებული ვიდეორგოლი - „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო! - ბოლო გოზინაყი“, რომელიც „New Studio“-მ დაამზადა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა, პროცესში ჩართული იყო, როგორც „New Studio“-ს, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები.
„კომისიამ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი ავტორის გამოხატვის თავისუფლებაა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, არ წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას. ასევე, ინტერნეტსივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება არ დააკმაყოფილა." - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.