
„საქალაქთაშორისო სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლების 96% სახიფათო მართვის რომელიმე ფორმას ეწევა“, - კვლევა „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ CRRC-საქართველომ ფონდთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთად ჩაატარა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ უყურადღებო და საშიში მართვის პრაქტიკა და მასშტაბები სამარშრუტო ტაქსებისთვის განსხვავებულია, ავტომობილის სახიფათოდ ტარების ესა თუ ის ფორმა ნებისმიერ მიკროავტობუსში გვხვდება.
საერთო ჯამში, დაკვირვების ობიექტი მძღოლები ყველაზე ხშირად ღერძულა ხაზის გადაკვეთას (79%), ტელეფონზე საუბარს (65%), აგრესიული მანევრების გაკეთებას (63%), სიგარეტის მოწევას (38%) და უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართვას (32%) მიმართავენ.
კვლევის მიგნებაა ისიც, რომ გადამყვანებს შორის უსამართლო კონკურენცია გზებზე სახიფათო მანევრებსა და სიჩქარის გადაჭარბებას იწვევს. ასევე, საქალაქთაშორისო მოძრაობის სფეროსთან დაკავშირებული არსებული რეგულაციები ხშირად არ ხორციელდება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელია ახალი რეგულაციების შემოღება.
თვისებრივ კვლევასთან ერთად სოციალური ექსპერიმენტიც ჩატარდა, რომლითაც იკვლევდნენ, თუ რამდენად გააუმჯობესებდა მცირებიუჯეტიანი მონიტორინგის პროგრამა სამარშრუტო ტაქსების უსაფრთხოებას. მისი მეშვეობით შეფასდა რამდენად უსაფრთხოდ მართავდნენ ავტომობილს მძღოლები, თუკი იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ ან კარგი ტარების შემთხვევაში ჯილდოს მიიღებდნენ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ექსპერიმენტის საფუძველზე დამტკიცდა, რომ დაკვირვების შესახებ პირდაპირ მიწოდებული ინფორმაცია ავტომობილის მართვისას მძღოლებში სახიფათო და უყურადღებო ქცევებს მკვეთრად ამცირებს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დოკუმენტის ავტორები მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:
განახორციელოს სამარშრუტო ტაქსების ანონიმური მონიტორინგი; აკრძალოს კომერციულ სატრანსპორტო ხაზებზე მომუშავე მძღოლებისთვის ტრანსპორტის მართვის დროს სიგარეტის მოწევა; განსაზღვროს მძღოლების სამუშაო საათების მაქსიმალური დაშვებული რაოდენობა და კომერციულ სატრანსპორტო ხაზებზე მომუშავე მძღოლებისთვის შემოიღოს ტაქოგრაფები; გზებზე დაამონტაჟოს ისეთი რადარები, რომლებიც გამოთვლის სატრანსპორტო საშუალებების საშუალო და დაკვირვების დროს განვითარებულ სიჩქარეებს; შემოიღოს სავალდებულო წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისათვის შესაბამისი სტანდარტები და განახორციელოს ტექდათვალიერების მონიტორინგი.
კვლევა მოიცავდა სიღრმისეულ ინტერვიუებს ავტოსადგურების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და რეგისტრირებულ მძღოლებთან, ფოკუსჯგუფებს - მგზავრებთან; საქალაქთაშორისო გადაადგილების ბაზრის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზს.