Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოშების, ოსების, სხვა ეთნიკური ჯგუფებისა და რელიგიური უმცირესობების პრობლემები

31 მარტი, 2017 15:58

„ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ - ამ პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა  ანგარიში მოამზადა.  პროექტი მიზნად ისახავდა მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, კერძოდ - ქვემო ქართლსა და კახეთში.

ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეები შეეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელმისაწვდომობას, საკუთრების უფლებისა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. ენობრივი ბარიერი ასევე იზოლაციაში აქცევს ამ ჯგუფებს და ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინსტიტუციონალიზებული სტერეოტიპები და მიკერძოებულობა იწვევს არასათანადო მოპყრობას საქმეებზე, რომლებიც ეხება ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული საქმეების გამოძიებას.

ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რომელიც სიძულვილის ნიადაგზე პოლიციელთა მხრიდან ეთნიკურად ქისტი მოქალაქისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ეხება.

საქმეზე იკვეთება პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი, ეთნიკური სიძულვილით მოტივირებული ისეთი დანაშაულები, როგორიცაა - წამება, არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ზოგადად ასეთ საქმეებზე, პროკურატურა გამოძიებას იწყებს შაბლონური საფუძვლით, სსკ-ის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და არა ისეთი სპეციალური მუხლებით, როგორიცაა სსკ-ის 1441 -ე მუხლი (წამება), 1443 -ე მუხლი (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).

ორგანიზაციის ინფორმაციით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებს ხშირ შემთხვევაში არ ენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი ან მისი მინიჭება ჭიანურდება. როგორც წესი, პროკურატურის პასუხია, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, პასუხს გვაცნობებენ მოგვიანებით.

ბოშების, როგორც მოწყვლადი ეთნიკური ჯგუფის, პრობლემები

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აწარმოა 6 საქმე, რომელიც ბოშათა უფლებების დაცვას შეეხებოდა. საქმეთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბოშა ბავშვებს აქვთ დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. საჯარო სკოლები პირველ კლასში არ იღებენ ბავშვებს 12 წელს ზევით. რაც შეეხება კლას-კომპლექტების შექმნას, იგი არ ხორციელდება განათლების სამინისტროს მიერ, რაც არსებითად ხელყოფს ბავშვთა განათლების უფლებას.

ბოშა ბავშვები, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიან შედიან სკოლაში. მათ არ ეძლევათ დაწყებითი განათლების მიღების შესაძლებლობა, განათლების სამინისტროს მიერ კლას-კომპლექტების პროგრამის შეუსრულებლობის გამო.

ეთნიკურად ბოშა ბავშვებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ექმნებათ სკოლამდე ტრანსპორტირების პრობლემა. 10 ბოშა ბავშვს უწევს რუსთავის სკოლაში სიარული. მათ ემსახურებათ ფასიანი სამარშრუტო ტაქსი, რომლის საფასურიც არის 40 ლარი ბავშვზე ყოველთვიურად. ბოშა მშობელთა ფინანსური მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისად, მათ სამარშრუტო ტაქსის მომსახურების ღირებულების გადახდის საშუალება არ აქვთ. ამიტომ, ხშირად ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს ბავშვთა განათლების კონსტიტუციური უფლების შელახვას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით.

ბოშათა ოჯახები აწყდებიან სირთულეებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სოციალური დახმარების მიღების კუთხით; პროექტის განმავლობაში, წარმოებაში იყო ორი ბოშა ბიჭის საქმე, რომლებიც შშმ პირის სტატუსის დადგენას ითხოვდნენ. ერთ-ერთ პირს მატერიალური საშუალება არ აქვს სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად შშმ პირის სტატუსის დასადგენად. ამიტომ, მისი საქმის წარმოება დროებით შეჩერებულია.

ეთნიკური ოსების უფლებები და წვდომა მართლმსაჯულებაზე

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა რამდენიმე შეხვედრა ეთნიკურად ოს მოქალაქეებთან. ოს მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია „რესტიტუციის შესახებ“ კანონის შინაარსზე. არც მათ და არც მათ ნაცნობებს არასოდეს მიუმართავთ სასამართლოსთვის ამ კანონის საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მხრიდან ინფორმაციის მიწოდებისა და სამართლებრივი დახმარების შეთავაზების შემდეგ ერთ-ერთმა ქალმა ისურვა მიმართოს სასამართლოს ქალაქ რუსთავში მისი მეუღლის სახლის ძალადობრივი ფორმით გასხვისების საქმის განსახილველად.

ანგარიშის მიხედვით, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ძირითადი პრობლემები არის - გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ეთნოკონფლიქტების გაღვივების პარალელურად, ოსი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში მოწყობილი ძალადობრივი ექსცესები, როდესაც მათ სხვადასხვა ფორმით აიძულებდნენ დაეტოვებინათ ან უკეთეს შემთხვევაში - გაეყიდათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადასახლებულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ - ვლადიკავკაზში (იმ დროისთვის - ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა).

რელიგიური უმცირესობების უფლებები

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აწარმოა საქმეები რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით. საქმეები შეეხება მეჩეთების მშენებლობის ნებართვის მოპოვებას.

საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ პრობლემად რჩება საქართველოში.

რელიგიური უმცირესობები ხშირად მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ნებართვის მიღებაზე დაუსაბუთებელ უარს იღებენ და წინააღმდეგობებს აწყდებიან. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაფჩიში, სადაც 800 ადამიანი ცხოვრობს, არ არის მეჩეთი. უახლოესი მეჩეთი სოფლიდან 15 კმ-ში მდებარეობს. შესაბამისად, მუსლიმური დღესასწაულების დროს, სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს მეჩეთში წასვლას. სოფლის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს მათ სოფელში მეჩეთის აშენების ნებართვას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან. როგორც ბეითარაფჩის მოსახლეობა განმარტავს, მათ ესაჭიროებათ სახელმწიფოსგან მიწის გადაცემა სარგებლობაში, გრძელვადიანი უზურფრუქტით, რათა შეძლონ საკუთარი სახსრებით მეჩეთის აშენება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემა ფიქსირდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. საქმის წარმოება მიმდინარეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მუსლიმურ სამმართველოში. მეჩეთების მშენებლობის ნებართვის მიღება დღემდე ჭიანურდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იმიზეზებენ, რომ არა აქვთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია, მშენებლობის ნებართვის შესახებ წარმოების დაწყების მიზნით, ხოლო თავად სააგენტო მუსლიმური სამმართველოს ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს. საქმის განხილვა დღემდე ჭიანურდება, როგორც გამგეობებში, ისე - სააგენტოში.

უცხოელი მსჯავრდებულების მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები იმყოფებოდნენ #17 და ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც გაესაუბრნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს. მსჯავრდებულები არიან ძირითადად შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუსეთი.

მსჯავრდებულებს აქვთ პრობლემები სასამართლო ხელმისაწვდომობასთან და საჩივრის წარდგენის მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად:

  1. მსჯავრდებულები არ არიან ინფორმირებულნი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. დაწესებულებაში შესახლებისას და მოგვიანებით, მსჯავრდებულებს არ გააცნეს ან არასათანადოდ გააცნეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. პატიმრები დღემდე არ არიან ინფორმირებულნი საკუთარი უფლებების თაობაზე.
  2. ენობრივი პრობლემის გამო, მსჯავრდებულები სრულყოფილად არ არიან ინფორმირებულნი საკუთარ სისხლის სამართლის საქმესთან და სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, მათ არ იციან სსკ-ის რომელი მუხლით ედებათ ბრალი, როგორ ჩატარდა სასამართლო პროცესები. მსჯავრდებულებს ან არ მიეცათ ან არასრულყოფილად მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მათ საქმესთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო განხილვებში. 
  3. მსჯავრდებულთა უმრავლესობის განმარტებით, მათ ისინი სასამართლო პროცესებზე არ იყვნენ კვალიფიციური თარჯიმნით უზრუნველყოფილნი.
  4.  მსჯავრდებულთა განმარტებით, მათ დღემდე აქვთ ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემა. პატიმრებს არ აქვთ მატერიალური საშუალება, დაიქირავონ კერძო ადვოკატი, ხოლო უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ინფორმირებულნი არ არიან.
  5.  მსჯავრდებულები არ არიან ინფორმირებულნი საჩივრის წარდგენის მექანიზმთან დაკავშირებით. ისინი თითქმის არ სარგებლობენ პროკურატურის, სასამართლოს, სამინისტროებისა და სხვა უწყებებისათვის საჩივრის წარდგენის ინსტრუმენტით. 
  6. მსჯავრდებულები არ არიან ან არასათანადოდ არიან ინფორმირებულნი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის შესახებ და არ იყენებენ უფლებათა დაცვის ამ მექანიზმებს.
  7.  მსჯავრდებულთა უმრავლესობა ვერ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ენობრივი და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო.
  8. მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სასამართლოში გაასაჩივრონ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებები პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის შესახებ. პრობლემა გამოწვეულია ენობრივი და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემებით.

ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრმა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მოამზადა, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^