სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საუბარია საქართველოში არსებულ ნარკოტესტირების პრაქტიკასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში აღინიშნა არაერთი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა წერილობით უარი განაცხადეს ნარკოლოგიური ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით გამოკვლევისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, მიუხედავად ამისა, დაკავებულთა გათავისუფლება მოხდა მხოლოდ მათი დაკავებიდან ადმინისტრაციული დაკავების ვადის - 12 საათის გასვლის შემდეგ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ პოლიციის თანამშრომელს ავალდებულებს სამართლებრივი ქმედება შეწყვიტოს თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
„მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არ ხდება დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მათ მიერ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში. აღნიშნული პრაქტიკა ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, როდესაც პირს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში პოლიცია 12 საათით მაინც აკავებს, „ასეთ დროს პირი განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაშია და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი მაღალია. გარდა ამისა, დაკავებულ პირს, როგორც წესი, არ განემარტება მისი უფლებები, მათ შორის უფლება – არ ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა ანალიზისთვის. დაკავებულს მიეწოდება მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, თუ რა სახის ტესტირებაზე იმყოფება და როგორ ტარდება შემოწმება. შესაბამისად, დაკავებული პირები ზეწოლისა და დაშინების შედეგად წერენ ხელწერილს, თითქოსდა ისინი ნებაყოფლობით აბარებენ მასალას. გარდა ამისა, უშუალოდ ანალიზის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს დამამცირებელ გარემოში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თავისუფლებაშეზღუდულ პირთა გათავისუფლება, თუ არ არსებობს დაკავების სხვა საფუძველი.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, ამ პრობლემის საპასუხოდ, საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა კონკრეტული სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების შემოწმების მიზნით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, პირის ნების საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას აძლევს სამართალდამცავ პირებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში, პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.