„რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია. რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან", - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ".
ანგარიშში აღნიშულია, რომ ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში ასახვის მიუხედავად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასკოლო სახელმძღვანელოებში სტერეოტიპული შინაარსის მქონე ცალკეული მასალების არსებობა.
ომბუდსმენის ანგარიშით, მიმდინარე წელს უმწვავეს პრობლემად დარჩა შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. 2016 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ არის. მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. ამ დრომდე კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება. ასევე, არ არის გამოძიებული რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხი", - აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა. მათი თქმით, ჯანსაღი გარემოს არსებობას ხელს უშლის ხმაურით დაბინძურება და მის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა. ასეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის რაიმე ზომას, რაც დროულად შესაცვლელია.
ანგარიშში წერია, რომ კვლავ პრობლემად რჩება საკანონმდებლო დონეზე უსახლკარო პირის სრულყოფილი დეფინიციის არარსებობა; უსახლკარო პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების არქონა და შესაბამისად, უსახლკარობის მასშტაბების ბუნდოვანება; ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურული რესურსის არარსებობა, გამოყოფილი ფინანსური სახსრების სიმწირე და სხვა. ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ გადახედვას საჭიროებს სოციალური შემწეობის არსებული სისტემა მასში არსებული პროგრამული ხარვეზების გამო.
„2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება. ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები, არასაკმარისია. სახელმწიფო ზრუნვის მიღმა დარჩენილ უხილავ ბავშვებთან ერთად, არსებითად არც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა.
სახელმწიფო გამოწვევების წინაშეა ოჯახში, სამზრუნველო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივაც. გადაუჭრელ საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც თავის მხრივ, განაპირობებს პრობლემებს ბავშვთა საჭირო საკვებით უზრუნველყოფისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით", - წერს ომბუდსმენი.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან თითქმის 3 წელი გავიდა, კვლავ არის პრობლემური საკითხები, რომელიც მის ეფექტურ იმპლემენტაციას დაბრკოლებას უქმნის.
„ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მიმდინარე საანგარიშო წელს, არსებითად არ შეცვლილა. კვლავ კრიტიკულად დაბალია ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებში ინტერსექციური მიდგომების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალთა პრობლემატიკის ასახვას აბრკოლებს და მათი მოწყვლადობის ხარისხს ზრდის.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე უფრო მეტად გამოიკვეთა სისტემური ხარვეზები, რაც რეაგირების ეფექტიანობისა და პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შესახებ საზოგადოების დაბალი ცნობიერება და გულგრილი დამოკიდებულება, რასაც ხშირად არასრუწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა სდევს თან", -წერია ანგარიშში.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მძიმეა ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა. არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. ანგარიშის აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, ლგბტი ადამიანები ვერ ქმნიან საკუთარ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტი ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელებას.
„სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან, გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა", - წერია ანგარიშში.
მათი თქმით, 2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები. „სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით".
ომბუდსმენის თქმით, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს. ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების პროცესში მხარდაჭერა.
„სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩება ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილები არ გატარებულა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა", - წერია ანგარიშში.