„შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ვებგვერდი. დღეს საღამოს გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა", - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცლებს.
მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და „რუსთავი 2-ის" ოფიციალური ვებგვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge.
აღნიშნულთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს „რუსთავი 2-ის" დამფუძნებელი დავით დვალი. მათი თქმით, დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის მათ ეკუთვნოდა.
„ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა.
არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს. დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე“, - წერს დავით დვალი.