თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა ნებისმიერი დანიშნულების შენობაში ეტაპობრივად აიკრძალება. პროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვებს საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში აწესებს, მათი დარღვევა კი შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა
- საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;
- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
- სტადიონებზე
ცვლილებათა პაკეტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციებს აწესებს. მაგალითად, მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში მოწევა, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს (სადარბაზო, დერეფანი, სახურავი, ლიფტი...) 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 100 ლარით.
მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით.
ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 100 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
პროექტის თანახმად, კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტების, სამორინეებისა და აზარტული კლუბების მეპატრონეები 2018 წლის 1 იანვრამდე უფლებამოსილი იქნებიან, შენობაში სპეციალურად მწეველთათვის განკუთვნილი ადგილები გამოყონ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- არ უნდა იკავდებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს;
- ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა
2018 წლამდე ასევე დასაშვები იქნება მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა საჯარო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებში, მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში, კერძო ოფისებში, ქარხანა-ფაბრიკებში, საამქროებში, საწყობებში, ტერმინალებსა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 5%-ზე მეტს;
- სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან;
- ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დასაშვები იქნება სტადიონების ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებას სტადიონის ადმინისტრაცია მიიღებს. იგივე რეგულაცია გავრცელდება სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ზეც, სადაც მოწევა დასაშვები 2020 წლის 1 იანვრამდე იქნება.
პროექტით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გარედან ხილულ დახლებზე გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი წესის დარღვევა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი - 4000 ლარამდე ჯარიმას გაითვალისწინებს. ამასთან აიკრძალება შესაბამისი პროდუქტის რეალიზაცია/განლაგება:
- საჯარო დაწესებულებაში; ყველა სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებაში და მათ კუთვნილ ტერიტორიაზე;
- სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება;
- ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით, აგრეთვე იმგვარად, რომ უშუალოდ მიუწვდებოდეს ხელი მომხმარებელს;
- ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან;
- თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის.
თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი აქსესუარების რეალიზაცია იმ დაწესებულებების ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში, სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით.
შესაბამისი პროდუქტის განლაგების წესების დარღვევა 150 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.
თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი აქსესუარების 18 წლამდე პირისთვის მიყიდვა 150 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
პროექტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უმუშალოდ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი - 4 000 ლარის ოდენობით.
„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, საჩუქრის გაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის მიზნით” - ნათქვამია პროექტში.
პროექტი ასევე კრძალავს თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების მედიით ან თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით დემონსტრირებას, „თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა ან „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული 2018 წლის 1 იანვრამდე დამზადებული 18 წლამდე არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლების მომხდენი ფილმი ან პროდუქცია”.
კანონპროექტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგნაიზაციები, „საზოგაოდებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი“ და „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ არიან. პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.