Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაუნის სინდრომის მქონე 6 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მთავრობას

10 აპრილი, 2017 11:56

„მოგმართავთ  დაუნის სინდრომის მქონე ექვსი ბავშვის თაობაზე, რომელთა  ზრდა- განვითარებასა  და  სიცოცხლეს დღეს  საფრთხე ემუქრება. მათგან  ერთ-ერთი 5 წლის ბავშვი 6 კგ-ს იწონის , როცა 1 წლის ასაკში იყო 9კგ“, - „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს. 

6 აპრილს სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მიმართ გამოვლენილი რიგი დარღვევების შესახებ. 

2016 წლის დეკემბრში მინდობით აღზრდაში მყოფი 5 წლის ბავშვი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  ჩვილ ბავშთა სახლში მიაბრუნეს. ჩვილ ბავშვთა სახლში ჩარიცხვის მომენტში მისი წონა შეადგენდა 6 კგ-ს. 

სახალხო დამცველმა შეისწავლა ფაქტი. მინდობით აღმზრდელის ოჯახში ამ ბავშვის გარდა კიდევ ჩარიცხული იყო დაუნის სინდრომის მქონე 5 სხვა ბავშვი.

6 განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროებების მქონე ბავშვი განთავსებული იყო ერთ ოჯახში.  ომბუდსმენის განცხადებაში, სადაც ის ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს ამ ბავშვების მდგომარეობა, წერია, რომ ჩვილ ბავშვთა სახლში დაბრუნებული აღსაზრდელის გარდა, მინდობით აღმზრდელთან ამჟამად მცხოვრებ დანარჩენ ბავშვებსაც არ აქვთ ასაკის შესაბამისი განვითარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საფრთხეშია. მინდობით აღმზრდელს არ ჰქონდა ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.

ასევე ომბუდსმენის განცხადებიდან ჩანს, რომ ოჯახში მომსახურების შესამოწმებლად სისტემატიურად დადიოდა პოლიკლინიკის ექიმი და სოციალური მუშაკი. თუმცა, ბავშვი მიმღები ოჯახიდან იმ საავადმყოფოს ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე გამოიყვანეს, სადაც მცირეწლოვანი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაიყვანეს.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქმე; გამოძიების დასრულებამდე ბავშვები გამოიყვანონ მიმღები ოჯახიდან და განათავსონ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რადგან ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი არა მხოლოდ იმ მინიმალურ სერვისებს ვერ იღებენ, რომელსაც დღეს სთავაზობს სახელმწიფო, არამედ იმყოფებიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე; დადგეს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის საკითხი, ვისაც ჰქონდა ვალდებულება ამ ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობაზე წლების განმავლობაში.

საქმიდან გამოკვეთილი სისტემური ხარვეზებიდან გამომდინარე, „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს:

  • შემუშავდეს ბავშვთა მიტოვების პრევენციის მექანიზმები და შეიქმნას ოჯახების გაძლიერების მომსახურებები.

  • გადაიხედოს შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი. როდესაც დაბადებიდან სახეზეა ბავშვის მდგომარეობა და დამატებითი საჭიროებები, დროულად უნდა მოხდეს სისტემის მიერ ბავშვის იდენტიფიცირება და საჭირო ზომების მიღება.

  • განისაზღვროს ერთ მიმღებ ოჯახში რამდენი შშმ ბავშვის განთავსება არის მიზანშეწონილი და დაიგეგმოს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვის სტრატეგია.

  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფ ბავშვებს მიენიჭოთ პრიორიტეტი სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობაში და მინდობით აღმზრდელებს შესრულების ვალდებულება.

  • შემუშავდეს ბავშვზე ზრუნვის პროგრამების სტანდარტები, მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები.

  • გაიზარდოს ადრეული განვითარების ქვეპროგრამის დაფინანსება, რათა საჭიროების მქონე ყველა ბავშვმა 0-7 წლამდე,  შეძლოს ამ მომსახურებით სრულად სარგებლობა.

  • დაიგეგმოს პოლიტიკა 18 წლის ზემოთ, მიმღები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბენეფიციარების შემდგომი ცხოვრების ეტაპები, ზრდასრულთა საოჯახო ტიპის მომსახურების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, დასაქმება და სხვა.

„ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მიმღები ოჯახების ინსტიტუტი არის ერთადერთი უალტერნატივო გზა, ბავშვზე ზრუნვისა და კეთილდღეობის საქმეში. ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს  ოჯახში. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მინდობით აღზრდის პროგრამას.

ჩვენი ასოციაცია მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.

აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, გთხოვთ დაუყონებლივ ჩვენთან შეხვედრას, რათა ერთობლივად მოვძებნოთ რაციონალური გზები  ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - წერია ასოციაციის განცხადებაში, რომელსაც დღეს მთავრობის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელების სახელზე შეიტანენ.

ამ საკითხის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას “ლიბერალი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^