„საქართველოს კონსტიტუციის“ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფს დღეს წარუდგინდა, პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილებები შედის.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
პროექტის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
რაც შეეხებ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის მიხედვით:
1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
გ) კონსტიტუციით და კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს;
დ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებს და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;
ე) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს სამხედრო ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში; პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;.
ვ) ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის, ხოლო კანონით დადგენილი წესით თავშესაფრის მიცემის საკითხებს;
ზ) შეიწყალებს მსჯავრდებულთ;
თ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ი) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.