
„თუ ჩვენ იმ ჭრილში შევხედავთ, რომ განსაკუთრებით შეურიგებლები უნდა ვიყოთ გამსაღებლების წინააღმდეგ, ცოტა მსუბუქი სასჯელი ხომ არ არის 10 წელი [მარიხუანისა და მცენარე კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღებისთვის]? - ამ კითხვით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ბარამიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.
აღნიშნული პროექტით, მცენარე კანაფის, მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ გასაღებაზე თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდეა გათვალისწინებული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, 2013 წლის შემდეგ ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია იყო, ერთი მხრივ, მომხმარებლებზე აქცენტის გაკეთება და ამ კუთხით ლიბერალიზაცია, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ აუცილებლად შეურიგებლები უნდა ვიყოთ გამსაღებლებთან დაკავშირებით. კანონპროექტის 273-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მცენარე კანაფის, მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაზე თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდეა გათვალისწინებული. თუ ჩვენ იმ ჭრილში შევხედავთ, რომ ჩვენ გასაკუთრებით შეურიგებლები უნდა ვიყოთ გამსაღებლების მიმართ, ცოტა მსუბუქი სასჯელი ხომ არ არის ამ შემთხვევაში 10 წელი? აიღო ადამიანმა და 1 ან 2 ტონა ნარკოტიკი გაყიდა, ძალიან მსუბუქი სასჯელი ხომ არ იქნება?, მაშინ როდესაც მოქმედ კანონში სხვა ნარკოტიკის გასაღებაზე ძალიან მძიმე სასჯელი გვაქვს“ - განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, როდესაც უვადო თავისუფლების აღკვეთაზეა საუბარი სხვა ნარკოტიკების გასაღების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში [მარიხუანის], ცოტა არ იყოს, დისპროპორციაა.
„ჩვენ ვსაუბრობთ გამსაღებლებზე და არა სხვა ადამიანებზე. გამსაღებლებზე, რომლებიც წამლავენ სხვებს“, - განაცხადა კილაძემ.
ალექსანდრე ბარამიძის პოზიციით ამ პაკეტის მთელი იდეა არის ის, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს რეჟიმები - ერთი მხრივ, მარიხუანისა და მცენარე კანაფისთვის, მეორე მხრივ - დანარჩენი ნარკოტიკიბისთვის.
„რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი საშიშროება დაკავშირებული მარიხუანასთან და მეორე მხრივ დანარჩენ ნარკოტიკებს შორის არის განსხვავებული. ეს არის ჩვენი პოციზია, შეჯერებული მათ შორის შსს-თან, პროკუატურასა და სხვა კოლეგა უწყებებთან. ლიბერალური მიდგომა თუ გვინდა, ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა, თუმცა მუდმივად შეიძლება დავა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტული სასჯელის ოდენობა კარგია თუ არა... ჩემი აზრით [სასჯელი] პროპორციულად არის შემცირებული“, - განაცხადა ბარამიძემ.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის შემთხვევაში განსაკუთრებულ დიდი ოდენობა 1000 გრამიდან ჩაითვლება, გამომშრალ მარიხუანაზე - 500, ხოლო ნედლ მარიხუანაზე - 1000 გრამიდან.