სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. დეკანოზის ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა სარჩელის დეტალებზე დეკანოზთან დღეს ისაუბრეს.
ადვოკატების თქმით, დეკანოზი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპია დარღვეული.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ეკა ლომიძემ აღნიშნა, რომ საჩივრის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პროკურატურამ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ უთხრა უარი გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე.
„ველოდებით, რომ ევროპული სასამართლო იქნება უფრო მეტად ადეკვატური, ვიდრე პროკურატურა, რომელიც იმ პირობებში, როდესაც თვითონ შერჩევით ასაჯაროებს მტკიცებულებებს და აქვს მტკიცებულებების გამოქვეყნების შეუზღუდავი შესაძლებლობა, დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება, ამოირჩიოს მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმეები ან თუნდაც ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. შესაბამისად, დაიცვას ბრალდებულის ინტერესები მაქსიმალურად”, - ამბობს იურისტი.