„ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პატფორმამ“ დღეს მათი ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეცენტაცია გამართა. ცვლილებები, რომელიც ამ კუთხით უნდა გატარდეს მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.
პლატფორმის წევრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, დავით ოთიაშვილის თქმით, აღნიშნულ პაკეტზე მუშაობისას მათ სერვისების განვითარების გარდამავალი გეგმა/კონცეფციაც შეიმუშავეს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ნარკოლოგები, სერვისის მიმწოდებლები და მომხამარებელთა თემის წარმომადგენლები იღებდნენ.
მისი თქმით, კანონმდებლობის ცვლილების პარალელურად, სამკურნალო-სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება დააზღვევს იმ შესაძლო რისკებს, რომლებიც პოსტდეკრიმინალაციის პერიოდშია მოსალოდნელი.
დღეს გამართულ კონფერენციაზე მისი მოხსენება საქართველოში არსებულ ნარკოვითარებას, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგებს და იმ საკითხებს ეხებოდა, თუ როგორ ხედავს პლატფორმა ამ სიტუაციიდან გამოსავალს.
ნარკოვითარება - საქართველო და სხვა ქვეყნები
გაეროს ნარკოტიკების ოფისის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო პრობლემური მომხმარებლების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა - რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ.
შემდეგ სლაიდზე მოცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული ESPAD-ის კვლევის მონაცემები, რომლებიც 16 წლის სტუდენტებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
„აქ რაც აღსანიშნავნია არის ის, ახალი ფქისიქოტრიპული ნივთიერებების, ინფალანტების, ტრანკვილიზატორების და სხვა ნარკოტიკის (გარდა მარიხუიანისა) მოხმარება საქართველოს ახალგაზრდებში 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი“, - ამბობს ოთიაშვილი.
„ეს არის მაჩვენებლები, თუ რამდენად ვაკმაყოფილებთ წამალდამოკიდებულების მკურნალობის მოთხოვნას. საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საჭიროების მქონე ადამიანების წილით, ვინც ახერხებს მკურნალობის მიღებას“, - ამბობს ოთიაშვილი.
„რაც შეეხება აივ/შიდსის შემთხვევებს, ყოველწლიურად ჩვენ სტაბილურად უფრო მეტ ახალ აივის შემთხვევას ვაფიქსირებთ, ვიდრე წინა წელს. პრაქტიკულად უცვლელია ეს ტენდენცია. წლების განმავლობაში ამ პროცესში ძირითადი წილი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შექონდათ, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ტენდენცია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შეიცვალა. ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივის ახალი შემთხვევები ძალიან სტაბილურად მცირდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ზიანის შემცირების პროგრამები, რომლებიც ქვეყანაში არის და 20 000-ზე მეტ ადამიანს აწვდის ამა თუ იმ სერვისს, (აივ/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის) იძლევა თავის შედეგს“, - ამბობს ოთიაშვილი.
რაც შეეხება იმ მონაცემებს, თუ რას მოიხმარენ პრობლემური ინექციური მომხმარებელები საქართველოში, ოთიაშვილის თქმით, ბუპრენორფინის მოხმარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო 2008 წლამდე, შემდეგ კი ბუპრენორფინის წინააღმდეგ განხორციელბულმა ღონისძიებებმა გამოიღო ის შედეგი, რომ მისი მოხმარება შემცირდა, მაგრამ პარალელურად გაიზარდა ჰერიოინის მოხმარება. „შემდეგ კი მოდის დეზომორფინი, რომლის მოხმარების პიკი 2012 წელს იყო. საკანონდემბლო ცვლილებების შემდეგ, მისი მოხმარება შემცირდა, თუმცა პარალელურად წამოვიდა „წიწვის ვინტი".
„აქედან შეიძლება ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჩვენ შეიძლება კონკრეტულ ეტაპზე განვახორციელოთ მიზნობრივი ინტერვენცია კონკრეტული ნარკოტიკის წინააღმდეგ და მოვახდინოთ მისი ხელმისაწვდომობის შემცირება და შესაბამისად მოხმარების შემცირება, მაგრამ საერთო სურათს ეს არ გვიცვლის. უმალვე ხდება ახალი, სხვა ტიპის ნარკოტიკის, ალტერნატივის მოძიება და მისი მოხმარება. დასკვნა კი არის ის, რომ მხოლოდ მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები არანაირ დადებით შედეგს არ გვაძლევს თუ არ არის პარალელურად პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამები... დღეს რეალურად დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ რაღაც ნარკოტიკებს განვდევნით და ვუბიძგებთ ადამიანებს, რომ კუსტარული, ტოქსიკური [მაგალითად ვინტი/წიწვი] ნარკოტიკიების მოხმარებაზე გადავიდნენ“, - ამბობს ოთიაშვილი.
ხისტი ნარკოპოლიტიკის შედეგები
ოთიაშვილის თქმით, წლების განმავლობაში რეპრესიული, ხისტი ნარკოპოლიტიკის შედეგად პრობლემის მქონე დაახლოებით 2-ჯერ მეტი ადამიანი ისჯება, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე სახის დახმარება შესთავაზონ მათ.
მისი თქმით, ასეთმა პოლიტიკამ ვერ გამოიწვია მოხმარების მასშტაბის შემცირება. მისი განმარტებით, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირებამ, ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების შემცირება არ გამოიწვია.
„არათუ სრულყოფილი პრაქტიკულად არანაირი პრევენციის სისტემა არ გვაქვს. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სისტემა და პროგრამები ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ასევე, ვუზღუდავთ ადამიანებს სამოქალაქო უფლებებს, რაც დამატებით ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიწყონ მუშაობა, რესოციალიზაცია გაიარონ და სრულყოფილ წევრად დაუბრუნდენ საზოგადოებას. ასევე ხდება ძალოვანი სტურქტურების ფინანსური და ადამიანური რესურსების ფუჭი ხარჯვა“, - ამბობს ოთიაშვილი.
რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას
ოთიაშვილის თქმით, პლატფორმის კონცეფციის მიზანი არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პრობლემის მქონე მომხმარებლებისთვის გაცილებით მარტივი იქნება დახმარების მიღება.
კონცეფცია 4 კონპონენტისგან შედგება:
- ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავება (ცალკე შემუშავებულია პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი);
- შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედება (პორტუგალიის მოდელის მსგავსად);
- კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება (ასევე იმ სერვისების დამატება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ დღეს საქართველოში არ გვაქვს);
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება;
ოთიაშვილის თქმით, საქართველოში დღეს არსებული სიტუაციით, 7 ნარკოლოგიური კლინიკა მოქმედებს და დაახლოებით 1000 ადამიანს აწვდის სერვისს წლის განმავლობაში.
ქვეყნის მასშტაბით18 ჩანაცვლებითი ცენტრი მუშაობს და 4500 ადამიანს უწევს მომსახურებას წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ზიანის შემცირებას, 14 ცენტრი და 6 მობილური ამბულატორია ფუნქციონირებს, რაც 25 000 ადამიანს აწვდის გარკვეული სახის მომსახურებას წლის განმავლობაში.
როგორი უნდა იყოს საქართველოში სერვისების მიწოდების სისტემა
„მწვანე ფერით მოცემულია ის სერვისები, რომლებიც გვაქვს, წითლად - რომელიც საერთოდ არ გვაქვს და უნდა განვითარდეს. დოკუმენტში გაწერილია პროგრამების რაოდენობა, განფასება - თუ რა დაჯდება თითო ასეთი ცენტრის ფუნქციონირება წლის განმავლობაში, რამდენ პაციენტს მოემსახურება ესა თუ ის დაწესებულება და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახით სისტემა სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ შესაძლოა საქართველოში დადგეს“, - ამბობს ოთიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონცეფცია ითვალისწინებს შეფასების და გადამისამართების კომისიების შექმნას.
ოთიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია 15 ასეთი კომისიის ამუშავებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
რას აკეთებენ კომისიები - „კომისია შედგება 3 სპეციალისტისგან - მულტიდისციპლინური გუნდი - ექიმი, იურისტი, სოციალური მუშაკი. ამ კომისიებში ადამიანი მოხვდება მას შემდეგ, რაც მას პოლიციელი გადაამისამართებს. პოლიციელი კი იმ შემთხვევაში გადაამისამართებს, თუ ნარკოტიკის მოხმარების პროცესში სხვადასხვა ადგილას ან ზემოქმედების ქვეშ აღმოაჩენს, სარისკო პროფესიების ან ახალგაზრდებთან უერთიერთობის შემთხვევაში და ა.შ."
„პოლიციელი ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს ამისამართლებს კომისიაში, სადაც ის 72 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. იქ მოხდება მისი საჭიროებების, პრობლემების შეფასება - არის ეპიზოდური მომხმარებელი თუ პრობლემური, დამოკიდებულია თუ არა და ა.შ. ასეთი შეფასების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, საით გაუშვას ეს ადამიანი - სამკურნალო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, ზიანის შემცირების პროგრამაში თუ მხოლოდ გაფრთხილება მისცეს... დიდი წილი რეკრეაციული მომხმარებლებისა არანაირ მკურნალობას არ საჭიროებენ და ამ შემთხვევაში კომისია შეიძლება შენიშვნით/გაფრთხილებით შემოიფარგლოს (პირველ შემთხვევაში). განმეორებით, თუ ეს ადამიანი ისევ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას გამოჩნდა და მოიხმარა, იქ შეიძლება სხვა ზომები გამოიყენონ - არის მთელი სპექტრი სანქციებისა, რისი გამოყენების შესაძლებლობაც ექნება კომისიას - დაწყებული უფლებების შეძღუდვით, მართვის მოწმობის ან იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით, პროფესიული საქმიანობის შეზღუდვით, დამთავრებული ფულადი ჯარიმით და ა.შ.“, - ამბობს ოთიაშვილი.
მისი თქმით, ერთი კომისიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 55 000 ლარი იქნება და 15 კომისია 830 000 ლარამდე დაჯდება წელიწადში. კომისიას 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეეძლება წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით.
მისი თქმით, ანალოგიურად აქვთ გათვლილი ფსიქოსოცილაური რეაბილიტაციის ცენტრების ფუნქიონირებისთვის საჭირო რესურსები.
მათი განმარტებით, 1 ცენტრის მუშაობა დაახლოებით 108,100 ლარი დაჯდება წელიწადში. თავდაპირველად კი 10 ასეთი ცენტრის ამუშავებას ფიქრობენ, რაც დაახლოებით 1,081,000 ლარი დაჯდება წელიწადში.
ოთიაშვილი ამბობს, რომ გაწერილი აქვთ ასევე სპეციალისტების გადამზადების გეგმა. „გათვლილია რამდენ ადამიანს რა მიმართულებით დასჭირდება გადამზადება და რა დაჯდება ეს“.
„რაც შეეხება ჯამურ ბიუჯეტს, ყველა აქ ჩამოთვლილი აქტივობა (პრევენციის გარდა) დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი დაჯდება. ეს 2.5 მლნ ლარი დამატებით იმ თანხებისა, რაც დღეს გამოყოფილია ჯანდაცვის ბიუჯეტიდან უკვე არსებულ პროგრამებზე (7 მილიონ ლარამდე). დამატებით წელიწადში 2.5 მილიონი იქნება საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში პოსტდეკრიმინალიზების პერიოდში გაზრდილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს სერვისებმა“, - ამბობს ოთიაშვილი.