
დღეს, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ჩეჩნეთში რეპრესირებული ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრით უზრუნველყონ ლგბტ ადამიანები ჩეჩნეთიდან.
„გვინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩეჩნეთში ნაწამებ გეებს და მოვიხსენიოთ ის დაღუპული ადამიანები“, - - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თემიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, კობა ბიწაძე
Новая Газета და Amnesty International ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა „საკონცენტრაციო ბანაკები“ გაიხსნა. პოლიციამ დაიწყო გეების მასობრივი გატაცება და მკვლელობა. ამ დრომდე დააკავეს 100-ზე მეტი გეი და მინიმუმ 3 მოკლეს. დაპატიმრებულებს ელექტროშიკით აწამებენ და სხვა გეების შესახებ ინფორმაციის გაცემას აიძულებენ.
Temida/თემიდას ინფორმაციით, მსგავსი რეპრესიები გეების წინააღმდეგ ჩეჩნეთის გარდა სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც ხდება.
„არსებობს ინფორმაცია, რომ 100 ადამიანი სხვადასხვა დროს იყო გადაყვანილი ე.წ. საკონცენტრაციო ბანაკებში და 3 ადამიანი არის დაღუპული, თუმცა როგორც ამბობენ, მსხვეპლი გაცილებით დიდია, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკის ფონზე და ამ ამბების ფონზე ოჯახები თვითონ უსწორდებიან ლგბტ ოჯახის წევრებს.
ჩვენ როგორც გავიგეთ, აღნიშნული პოლიტიკა არის არამხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც და ახლახან ვესაუბრეთ რამდენიმე ადგილობრივ აქტივისტს, პრაქტიკულად ადამიანები იმალებიან და საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან“, - ამბობს ლგბტ აქტივისტი ბექა გაბადაძე