გიგა ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, ამის უფლებაც არ აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ბოკერიასთან დაპირისპირებისას ემოციებს აჰყვა.
„ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებს პასუხი არ უგიათ ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა, მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა'', - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენას მოჰყვა.
ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანიც გაბრაზება გამოიწვია. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.