განათლების სამინისტრომ 2017 წელს ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის ორგანიზების შესასყიდად ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველად - 2017 წლის იანვარში, მეორედ - 10 აპრილს. იანვარში გამოცხადებული ტენდერი, რომელსაც ორი პრეტენდენტი (შპს „კინგი“ და „ეტალონ მედია“) ჰყავდა, კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა. 10 აპრილს გამოცხადებული გამარტივებული ტენდერის გამარჯვებული კი „ეტალონ მედია“ გახდა. „ეტალონ მედია“ ამ შესყიდვაში სახელმწიფოსგან 377000 ლარს მიიღებს.
17 იანვარს გამოცხადებული ტენდერი
17 იანვარს გამოცხადებულ ტენდერს ორი პრეტენდენტი ჰყავდა - შპს „კინგი” და „ეტალონ მედია”. შპს „კინგმა“ „ეტალონ მედიაზე“ დაბალი ფასი წარადგინა, თუმცა ტენდერი ვერ მოიგო. სატენდერო კომისიამ განცხადების შესწავლის ეტაპზე შპს „კინგს“ დამატებითი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით მიმართა. პრეტენდენტმა მოთხოვნილი დოკუმენტი კომისიას დადგენილ ვადებში წარუდგინა. ამის მიუხედავად,13 მარტს სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ტენდერის შეწყვეტის ოქმის მიხედვით გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე მიზეზით ახსნა.
ოქმის მიხედვით, „მიმდინარე პერიოდში“ სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიის შესაბამისად სამინისტროს პრიორიტეტად ექსტრაკურიკულარული აქტივობები განისაზღვრა და ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე „ინტელექტ ჩემპიონატის ქვეპროგრამაში“ ცვლილებები გახდა საჭირო, რომ ის უფრო მორგებულიყო სამინისტროს ახალ გეგმას. ამასთან ხაზგასმით აღინიშნული იყო, რომ პროექტში დაშვებული უზუსტობების გამო პროექტზე ხელმისაწვდომობა და ჩართულობა ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის უზრუნველყოფილი არ იყო და „დისკირიმინაციული მიდგომის“ თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ქვეპროგრამისა და ტექნიკური დავალების კორექტირება.
გამარტივებული ტენდერი შეცვლილი პირობებით
ტენდერის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში სამინისტრომ ისევ გამოაცხადა ტენდერი ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის ორგანიზების შესასყიდად. ამჯერად გამარტივებული გზით და მასში მონაწილეობა მხოლოდ „ეტალონ მედიამ“ მიიღო და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ტენდერის გამარჯვებულადაც „ეტალონ მედია“ გამოცხადდა.
საგულისხმოა, რომ 17 იანვრის სატენდერო წინადადებისგან განსხვავდება 10 აპრილის სატენდერო დავალება, მაგალითად, ახალი სატენდერო წინადადებაში შეტანილია შემდეგი დავალებები/პირობები:
„უზრუნველყოს სატელევიზიო ეთერში გასაშვები მაღალი ხარისხის ვიდეო-ჩანაწერის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მისი ტელეეთერში გაშვების მიზნით. შესაბამისად, კონკურსების განმახორციელებლ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ინტელეტუალური კონკურსების ჩატარების გამოცდილება სატელევიზიო ფორმატის კუთხით“;
„ღონისძიება უნდა ჩატარდეს სატელევიზიო ჩვენების უზრუნველყოფის გათვალისწინებით“;
ასევე სატენდერო წინადადებაში აღნიშნულია, რომ წამყვანი საზოგადოებისთვის და მოსწავლეებისთვის ცნობილი ადამიანი უნდა იყოს.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, რატომ არ მიიღო შპს „კინგსმა“ მონაწილეობა 10 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიაში გვიპასუხეს, რომ 10 აპრილს გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტში მოცემულ ყველა მოთხოვნას კომპანია სრულად ვერ აკმაყოფილებდა.
„ლიბერალმა“ ასევე არაერთი კითხვა გაუგზავნა განათლების სამინისტროს, თუმცა პასუხისმგებელი პირის ბიულეტენზე ყოფნის გამო პასუხები ვერ მივიღეთ. სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ კი მოუცლელობის გამო ვერ გვიპასუხა.
„ლიბერალს“ აინტერესებდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ შეწყვიტა 17 იანვარს გამოცხადებული ტენდერი სატენდერო კომისიამ;
კერძოდ, რა სახის ცვლილებები შევიდა სამინისტროს მიერ მიღებულ სტრატეგიაში ისეთი, რამაც აუცილებელი გახადა ტენდერის ტექნიკური დავალების შეცვლა და როგორ აისახა ეს ცვლილებები ახალ, 10 აპრილს გამოცხადებულ სატენდერო დავალებაზე.
სამინისტროს ასევე ვთხოვეთ, განემარტა, რატომ ვერ უზრუნველყოფდა 17 იანვრის სატენდერო დავალება პროექტზე ყველა საჯარო და კერძო სკოლის ხელმისაწვდომობას და ახალ ტექნიკურ დავალებაში შეტანილი რომელი ცვლილებებით გამოსწორდა ეს ხარვეზი.
სამინისტროს ასევე ვკითხეთ, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკურსის ორგანიზებისთვის ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელსაც ექნებოდა ინტელექტუალური კონკურსების სატელევიზიო ფორმატით ჩატარების გამოცდილება.
სამინისტროს განმარტებით, ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ის მომავალ კვირაში გაგვცემს.