„კოალიცია თანასწორობისთვის" ხვალ კონფერენციას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც წარადგენს არასამთავრობოების 2016 წლის ანგარიშს,სხვადასხვა ჯგუფებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების შესახებ.
ძირითადი ასპექტები სფეროების მიხედვით
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა:
საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულ ჯგუფად ქვეყანაში. ქალები ნაკლებად არიან ჩართული პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ისინი ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ქალებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები. განსაკუთრებულ დისკრიმინაციას განიცდიან ე.წ. მარგინალიზებული ქალები (სექს-მუშაკები, აივ-ინფიცირებულები, ნარკოდამოკიდებული ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები და ა.შ.).
რეკომენდაციები:
- შსს-ში სპეციალური დანაყოფის ჩამოყალიბება, რომელიც გამოიძიებს გენდერულად მოტივირებულ დანაშაულს.
- პარლამენტმა მიიღოს კანონი სავალდებულო კვოტირების შესახებ, რათა გაიზარდოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.
- პარლამენტმა მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირება ისე, რომ აიკრძალოს სექსუალური შევიწროვება როგორც საჯარო სივრცეებში, ისე დასაქმების ადგილზე.
- სახელმწიფომ შეიმუშაოს სახელმწიფო სტრატეგია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ;
- პარლამენტმა მოახდინოს ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია.
ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა:
მიმდინარე წელს ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო - წინა წლების მსგავსად, ისინი სისტემური ხასიათის ძალადობას და დისკრიმინაციას განიცდიან, რაც ამ ჯგუფის სოციალურ მოწყვლადობას კიდევ უფრო აღრმავებს და დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა ბაზისური საჭიროებების მიღმა ტოვებს. მიმდინარე წელს, არსებითად მწვავე ხასიათი შეიძინა ლგბტ და განსაკუთრებით, ტრანსგენდერი ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ, რაც გამოიხატა სხვადასხვა სიხშირისა და სიმძიმის ძალადობაში. მიმდინარე პერიოდში EMC-ის მიერ წარმოებული იყო 8 საქმე, WISG-ის მიერ კი 30-მდე საქმე, რომელიც სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და ინციდენტის ნიშნებს შეიცავდა.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2016 წელს გაცემული არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დონეზე არ აქვს შემუშავებული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და პრევენციული ხედვა. ასევე, იკვეთება სამართალდამცავთა არასაკმარისი კომპეტენცია, ცოდნის ნაკლებობა, ჰომოფობიური და ტრანსფობიური წინასწარგანწყობები და სხვა ტენდენციები, რომლებიც აბრკოლებს გამოძიების პროცესს.
რეკომენდაციები:
- საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი და რეაგირების შესაბამისი მექანიზმები პარლამენტის წევრების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია და ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტი და უზრუნველყოს მსგავს დანაშაულებზე მომუშავე, სათანადო ცოდნითა და მგრძნობელობით აღჭურვილი სპეციალიზირებული დანაყოფების შექმნა;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი რეგულაციებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანსგენდერ ადამიანებს, შეცვალონ გენდერული მარკერი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების მიერ გაცემულ ყველა დოკუმენტში. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზიციის პროცესისგან.
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ლგბტ პირთა უსაფრთხოების დაცვა და გამორიცხოს მათი გაუმართლებელი სეგრეგაცია.
რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები:
2016 წელს რელიგიის თავისუფლების კუთხით გამოწვევები კვლავ კრიტიკულად იდგა. ამ პერიოდში ნათლად გამოჩნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის არაეფექტიანობის პრობლემა. სააგენტოს საქმიანობის ანგარიში აჩვენებს, რომ ის არსებითად ოთხი რელიგიური თემის (მუსლიმი თემი, იუდეური თემი, კათოლიკე თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია) დაფინანსების არასეკულარული და დისკრიმინაციული სისტემის მართვაზეა ორიენტირებული და დაფინანსების და სხვა სახის ფინანსურ-ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზით ცდილობს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და ლოიალობის მოპოვებას.
სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მდებარე სადავო ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით სააგენტომ ვერ შეძლო ვითარების მოგვარება. ამ დროისთვის ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაძაბულია. მოხეში მდებარე შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავა არსებითად რესტიტუციის კანონმდებლობისა და თანმიმდევრული, არადისკრიმინაციული პოლიტიკის არარსებობის შედეგია და ის მწვავედ აყენებს რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საჭიროებას.
2016 წელს მუსლიმი თემის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მწვავე იყო. 2016 წლის თებერვალში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ კიდევ ერთი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა სოფელ ადიგენში. სოფლის სასაფლაოსთან დაკავშირებით დაწყებულ დავას დომინანტი რელიგიური თემის წარმომადგენლების მხრიდან მუსლიმებზე ძალადობრივი თავდასხმა მოჰყვა. აღნიშნული კონფლიქტი 2012 წლის შემდეგ მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი მეშვიდე კონფლიქტი იყო და ის მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს. სოფელი ადიგენის საქმეზე, ისევე როგორც რელიგიური ძალადობის სხვა შემთხვევებზე, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, რაც დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს.
რეკომენდაციები:
- საქართველოს მთავრობამ გაიაზროს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ხარვეზები და უზრუნველყოს მისი მანდატისა და საქმიანობის სტრატეგიის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია;
- რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის განუხრელი დაცვით წარმართოს და რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით მუსლიმური ორგანიზაციების ავტონომიაში სახელმწიფოს ინტერვენციისა და კონტროლზე ორიენტირებული პოლიტიკა შეწყვიტოს;
- შეაჩეროს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციისა და სადავოდ გამხდარ ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისკენ მიმართული გაუაზრებელი პოლიტიკა; უზრუნველყოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისა და რესტიტუციის საკითხების თანმიმდევრული, არადისკრიმინაციული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და პოლიტიკის მომზადება;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, რაც სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებას და დაზარალებული პირების საპროცესო უფლებების განუხრელ დაცვას გულისხმობს;
რასისა და ეთნიკური ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია:
წინა წლების მსგავსად, 2016 წელსაც ხდებოდა მიგრანტების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. კვალავაც პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ამგვარი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით. გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლება, ბოშების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უცხოელებისათვის სოციალურ შეღავათებზე, მომსახურებაზე თანაბარი წვდომა.
რეკომენდაციები:
- მოხდეს პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება რასობრივი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით;
- სახელმწიფომ შეიმუშავოს სპეციფიკური სტრატეგია ბოშების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მოსაგვარებლად;
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნეს ორენოვანი მასწავლებლით, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ბილინგვური სახელმძღვანელოთი სწავლებაში;
- პირები, რომლებსაც უარს ეუბნებიან თავშესაფრის მინიჭებაზე, უზრუნველყოფილნი იყვნენ ჯეროვანი პროცესის გარანტიებით;
- სახელმწიფომ უზრუნველყოს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სოციალურ შეღავათებზე თანაბარი წვდომა;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ, რამდენადაც ისინი კვლავ აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, რაც არაერთი ფუნდამენტური უფლების, მათ შორის, ღირსების უფლების შელახვას იწვევს.
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ (UNCRPD) აღებული ვალდებულების მიუხედავად, რაც ასევე მოიცავს დისკრიმინაციისაგან დაცულობას და თანასწორობის გარანტირებას, სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო არსებითად გარდაექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარება. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
ქვეყანაში მწვავედ დგას რეაბილიტაციის/აბილიტაციის პროგრამების დისკრიმინაციული რეგულირების საკითხი. კონვენცია ავალებს სახელმწიფოს რეაბილიტაციის/აბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, თუმცა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები დღემდე ვერ ახერხებენ სერვისებით თანაბარ სარგებლობას იმ მიზეზით, რომ შემოთავაზებული სერვისები არ არის ტერიტორიულად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის.
შრომის უფლების რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჯარო სექტორში დასაქმებას პირდაპირი წესით აკავშირებს სოციალური პაკეტით სარგებლობის აკრძალვასთან. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს დასაქმების სანაცვლოდ უწევთ ფულად გასაცემელზე უარის თქმა.
საცხოვრისის სერვისების არქონა განსაკუთრებულად მძიმედ აისახება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა მდგომარებაზე, რაც მათი ირიბი დისკრიმინაციის ფორმად შეიძლება განვიხილოთ.
რეკომენდაციები:
- სახელმწიფომ უზრუნველყოს რეაბილიტაციის პროგრამების თანაბრად ხელმისაწვდომობა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- შეიცვალოს ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც მხარდაჭერის მიმღები პირებისადმი დისკრიმინაციულ მიდგომებს ავითარებს ჯანმრთელობის, შრომის და საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესში;
- შეიქმნას საცხოვრისის სერვისები, რაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებს მისცემს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთან, მოიხსნას მოვლის საჭიროების მქონე ფიზიკური და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა გადაუდებელი თავშესაფრის სერვისში დაშვების აკრძალვა.
ბავშვთა მიმართ დისკრიმინაცია და ძირითადი გამოწვევები:
2016 წელს ბავშვთა უფლებების კუთხით, მათ შორის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით წარმატებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის რატიფიკაცია, რომელიც ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი უფლებების დარღვევის გამო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართონ.
ბავშვების დისკრიმინაციულ მდგომარეობას კარგად ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი, 2016 წელს გამოცემული „ოჯახების კეთილდღეობის კვლევა”, რომლის თანახმადაც: სიღარიბის მაჩვენებლები, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრია ბავშვებთან მიმართებაში და შესაბამისად მკვეთრად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვების სიცოცხლის, განვითარების, განათლებისა და სოციალური დაცვის უფლებების მდგომარეობაზე. უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა: საქართველოს შინამეურნეობების - 1.7%, მთელი მოსახლეობის - 2.1%., პენსიონერთა - 1.7%, ბავშვების - 2.5%. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ არიან: ოჯახების - 11.9%, მთელი მოსახლეობის - 13.3%, პენსიონერების - 10.5% და ბავშვების - 16.6%. აღნიშნული პრობლემა კი იმ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს აღმასრულებელი მთავრობის მხრიდან ბავშვთა კეთილდღეობისა და სიღარიბის შემცირების პოლიტიკა ფრაგმენტული და არა ეფექტურია, არ ეყრდნობა კვლევის შედეგებს, არ ხდება პროგრამების მონიტორინგი და კორექცია.
ბავშვების განვითარებისა და განათლების უფლება 2016 წელს კვლავ მკვეთრად შეზღუდული იყო მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის: ქუჩაში მყოფი და მიუსაფარი ბავშვები ხშირად ხდებიან ტრეფიკინგისა და შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის მსხვერპლნი.
რეკომენდაციები:
- მოხდეს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ბავშვთა სიკვდილიანობის გაუარესებული მაჩვენებლების მიზეზების სწრაფი აღმოფხვრის, სიღარიბის შემცირების, სიცოცხლის, განათლების და განვითარების უფლებების დასაცავად.
- შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბავშვს სრულ საპროცესო ქმედუნარიანობას მისცემს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები განისაზღვრონ სათანადო მოსარჩელეებად ბავშვთა უფლებების დარღვევებისას ბავშვებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
- მოხდეს ბავშვთა მიმართ სხეულებრივი დასჯის სისხლისსამართლებრივი აკრძალვა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა ბავშვთა დაცვის ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებითა და განხორციელებით.
საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაცია:
უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც საცხოვრისის უფლების ბაზისური სტანდარტების თანმიმდევრულ გარანტირებასა და უსახლკარობის მდგომარეობის პრევენციაში უნდა გამოიხატებოდეს, დეკლარირებულადაც კი არ არსებობს, რაც უსახლკარო პირთა არაერთი უფლების განგრძნობად და სისტემურ დარღვევას იწვევს და სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის უფლების დაცვის მნიშვნელობის არაღიარებაზე მიუთითებს. პრობლემის არაღიარების გარდა, მოქმედი კანონმდებლობა ერთი მხრივ, უსახლკარო პირების დასჯის მიზნითა და, მეორე მხრივ, სოციალური დაცვის სისტემის ადმინისტრირების სირთულეებიდან გამომდინარე, არაერთ დისკრიმინაციულ მიდგომას ამკვიდრებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსახლკარო პირთა მდგომარეობას.
მუნიციპალურ დონეებზე სუსტად განვითარებული საცხოვრისის სერვისები, როგორც წესი, ვერ პასუხობენ სხვადასხვა პირის ინდივიდულურ საჭიროებებს, ხოლო გადაუდებელი თავშესაფრის სერვისი ცხადად დისკრიმინაციულია ცალკეული ჯგუფების მიმართ. კერძოდ, თბილისში მოქმედი ლილოს თავშესაფარი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის სასწრაფო თავშესაფრის სერვისია, მისი მომსახურების სფეროდან პირდაპირ გამორიცხავს უსახლკაროებს, რომელთაც ფიზიკური ან ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, არ აქვთ თვითმოვლის უნარი. ასევე ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ მიუსაფარ პირებს. შესაბამისად, სასწრაფო (გადაუდებელი) თავშესაფრის სერვისის მოქმედების არეალიდან გამოირიცხებიან ის პირები, რომელთა წინაშე ყველაზე მეტად შეიძლება დადგეს ამგვარი სასწრაფო თავშესაფრის სერვისის გამოყენების საჭიროება.
რეკომენდაციები:
- გაუქმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში უნებართვოდ მცხოვრები პირებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის უფლების შეზღუდვა;
- გაუქმდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირებისათვის სოციალური დაცვის სისტემასა და მინიმალურ სოციალურ დახმარებებზე - საარსებო შემწეობაზე მისაწვდომობის შეზღუდვა და შემუშავდეს მათი საჭიროებების სოციალური დაცვის სისტემაში ინტეგრირების მექანიზმები;
- გაუქმდეს ის საკანონმდებლო ბაზა, რაც სხვადასხვა საჭიროების მქონე უსახლკარო პირებს დისკრიმინაციულად გამორიცხავს გადაუდებელი საცხოვრისის სერვისის მოქმედების სფეროდან.
პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია:
პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები არსებულ სინამდვილეთი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ საჯარო სამსახურებში შეინიშნება. საქართველოს სახელმწიფო საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში ამ კუთხით არსებული პრობლემები უმთავრესად განპირობებულია კანონის უზენაესობის უგულვებელყოფით.
ეს პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს.
საჯარო სამსახურების გარდა, 2016 წლის განმავლობაში პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები სხვა დაწესებულებებშიც შეინიშნებოდა. საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე გააქტიურდა სამსახურებიდან მასშტაბური გათავისუფლებების სავარაუდო დისკრიმინაციული პრაქტიკა. საკითხი უკავშირდება ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირის „საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებისა და მათი მოადგილეების მასშტაბურ გათავისუფლებებს თანამდებობებიდან.
სამსახურიდან გათავისუფლებული საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და მოადგილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული მუშაობდნენ ამ თანამდებობზე. აღნიშნულ საქმეებში სისტემური დისკრიმინაციის პრაქტიკა იკვეთება.
თბილისის მერიის სისტემაში სამუშაო ადგილზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები განვლილ პერიოდში უკვე დადასტურდა სასამართლოს გადაწყვეტყილებებითაც. ამასთან, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2015 წლის 8 აპრილს საკრებულოში ანგარიშით გამოსვლისას თავადვე დაადასტურა პოლიტიკური ნიშნით კადრების წმენდის პრაქტიკა მერიის სისტემაში.
უკანასკნელ პერიოდში სამუშაო ადგილზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკა განსაკუთრებით აქტუალური სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში იყო.
საყურადღებოა, რომ სამუშაო ადგილზე მასშტაბური დისკრიმინაციის პრაქტიკა აქტიურად დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. საჯარო სამსახურებიდან მოხელეების და დასაქმებულების გათავისუფლებების შესახებ სხვადასხვა პერიოდში არსებული სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ შემაშფოთებელია.
რეკომენდაციები:
- საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და ზემდგომი თანამდებობის პირების მხრიდან დისკრიმინაციის ჩადენის პრევენციისთვის, ადმინისტრაციულ ორგანოებში და სახელმძღვანელო დოკუმენტებში (წესდებაში, დებულებაში) შემუშავდეს და დაინერგოს დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიები, რაც თანამდებობის პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველიც შეიძლება გახდეს;
- პირის იძულებასთან დაკავშირებულ დანაშაულის შემთხვევებზე სამართალდამცველმა ორგანოებმა მოახდინონ დროული და ეფექტიანი რეაგირება და პირთა პასუხისგებაში მიცემა;
- მოხელეთა, განსაკუთრებით, ზემდგომი თანამდებობის პირთა სამართლებრივი ცნობიერების და კულტურის დონის ამაღლების მიზნით, მოხდეს მათი ინტენსიური გადამზადება ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის წინააღდეგ ბრძოლის საკითხებში.