
„ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს, თბილისის მერიამ 37 500 ლარი გადაიხადა ვაკის პარკთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ლიფტის დამონტაჟებაში, რომელიც ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა.
„ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 23 დეკმებერს, ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაციის მიზნით, თბილისის მერიამ შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია დავითს" 614 211 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. თანხის სრულად ათვისების მიუხედავად, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ვერტიკალური ლიფტი სრულფსოვნად არ დაუმონტაჟებიათ და ამ დრომდე გამოუსადეგარია.
„ვაკის პარკის შესასვლელის რეაბილიტაციის ღირებულებიდან - 614 211 ლარიდან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯა ვაკის პარკის მხარეს მოწყობილ პანდუსებშიც. თუმცა, ის გამოუსადეგარი რჩება, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე მხარეს ასვლა/ჩასვლა შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოს მიუხედავად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა 2015 წლის 21 იანვრისთვის, სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, " - ამბობენ ორგანიზაციაში.
შპს თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ პირებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ყველა ლიფტი მუშაობს, მათ შორის, ვაკის პარკთან არსებულიც. პრესსამსახურის განმარტებით, ლიფტებს ხშირად აზიანებენ, „თბილსერვის ჯგუფს" კი დაქირავებული ჰყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია, შშმ პირებისთვის განკუთვნილი გადაადგილების საშუალებები დაუყოვნებლივ შეაკეთოს: „ბოლოს, ორი კვირის წინ შეკეთდა ლიფტები. დღესაც გადავამოწმეთ და კონკრეტულად ვაკის პარკთან არსებული ლიფტი ნამდვილად მუშაობს", - აცხადებენ კომპანიაში.