საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესის შემოღებას ითვალისწინებს.
თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელსაც მართვის მოწმობის მფლობელი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ჩაიდენს, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.
კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.
აღნიშნული ვადის გასვლამდე პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.
კანონპროექტი ძალაში 1 ივლისიდან შევა.