
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილელებს აფასებს. მისი განცხადებით, ცვლილებების შედეგად „ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“
პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ გააცნო.
„ახალი კონსტიტუციით არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც ასევე წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს. გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულებელყოფილია ამომრჩევლის უფლება - ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით. თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე. ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი