Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში ნენსკრაჰესზე: სვანები „მკვიდრი მოსახლეობის“ დეფინიციას სრულად არ აკმაყოფილებენ

26 აპრილი, 2017 14:16

„სვანები არიან ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი, ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და არ განიხილებიან როგორც ეთნიკური უმცირესობა. მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ და შესაბამისად, კრედიტორების „მკვიდრი მოსახლეობის“ პოლიტიკა არ ამოქმედდება“, – ვკითხულობთ ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამატებითი გარემოსდაცვით და სოციალური კვლევების დოკუმენტში (სოციალური ზემოქმედების შეფასება).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სვანებს აქვთ დამწერლობის არმქონე თავიანთი ენა, რომელიც არის ქართველური ენების ოჯახის შემქმნელი ოთხი ენიდან ერთ-ერთი - სვანურსა და ქართულს აქვთ ერთი და იგივე ფესვები; ამიტომაც საკვლევ არეალში ადამიანები საუბრობენ სვანურად და საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულად (და მრავალი, აგრეთვე, რუსულადაც)".

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრედიტორების მიერ ტერმინი „Indigenous People“ გამოიყენება სპეციფიკური, ტექნიკური აზრით, რაც განსხვავდება მცნება „მკვიდრი მოსახლეობის“ ყოფითი მნიშვნელობისაგან (აბორიგენულობა მხოლოდ ერთ-ერთი პირობაა მრავალ კრიტერიუმთა შორის) და აღნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ჯგუფს, რომელიც განცალკევებულია ძირითადი საზოგადოებებისაგან, არ არის ან სუსტად არის მასთან ინტეგრირებული და გამოირჩევა სპეციფიკური ცხოვრების წესით, რაც ხშირად, სოციოეკონომიკური ურთიერთობების არქაულ ფორმებს გულისხმობს.

იმისათვის, რომ ეთნიკური ჯგუფი აღიარონ, როგორც „Indigenous People“ კრედიტორების გაგებით, უნდა შესრულდეს ყველა შემდეგი კრიტერიუმი:

•1: თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების მიერ;

• 2: კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებული ჰაბიტატებთან ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის საზღვრებში და ბუნებრივი რესურსებისადმი ამ ჰაბიტატებსა და ტერიტორიებზე;

• 3: წარმომავლობა მოსახლეობისაგან, რომელიც ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით, ან განსაკუთრებული კანონებით ან რეგულაციებით;

• 4: დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იმავე ინსტიტუტებისაგან;

• 5: ცალკე ენა ან დიალექტი, ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან რეგიონის ოფიციალური ენისაგან ან დიალექტისაგან.

• „Indigenous People“ ტერმინის გამსაზღვრელი თითოეული ამ კრიტერიუმის შესაბამისობა სვანებთან მიმართებაში ქვემოთ არის გაანალიზებული. თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების მიერ;

„საქართველოს მოსახლეობის ოფიციალურ აღწერაში სვანები ფიგურირებენ როგორც ეთნიკური ქართველები. მათი ცხოვრების წესი პრინციპულად (საუბარი არაა წვრილმან დეტალებზე) ძალიან ახლოსაა საქართველოს სხვა მთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების წესთან. სვანები ახდენენ თავის იდენტიფიკაციას, როგორც ქართველების და ამაყობენ იმით, რომ შეადგენენ ერთ-ერთ ძირძველ ჯგუფს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ერთიანი ქართული ერის ჩამოყალიბებაში. ისინი განიხილავენ თავს როგორც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული ერის ნაწილს.

• ამავე დროს, სვანები – მათ შორის, საპროექტო არეალში მცხოვრები მოსახლეობა – ახდენენ თავის იდენტიფიკაციას, როგორც სვანების (და იმავდროულად, როგორც ქართველების) – და ამნაირადვე არიან იდენტიფიცირებულნი სხვების მიერ, და ინარჩუნებენ თავიანთ, სპეციფიკურ, ძველ ტრადიციებსა და ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს. მათი სპეციფიკური კულტურული იდენტურობა აღიარებულია, როგორც მათი, ასევე სხვების მიერ და შედეგად, პირველი კრიტერიუმი შეიძლება ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად.

• კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებულ ჰაბიტატებთან ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის საზღვრებში და ბუნებრივი რესურსებისადმი ამ ჰაბიტატებსა და ტერიტორიებზე; სვანებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი, რომელიც, ძირითადად, ემყარებოდა მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას, დიდწილად შეიცვალა ბოლო დროს და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო ახლა არის, აგრეთვე, ხელფასი და შემოსავალი, მიღებული ხე-ტყის ჭრისა და ხის მასალების დამზადებისაგან.

• მიუხედავად ამისა, ცხოვრების ტრადიციული წესი დომინანტურია. გარდა ამისა, ტომები, საიდანაც სვანები წარმოიშვნენ, გადასახლდენ ახლანდელ ტერიტორიებზე უფრო დასავლეთი საქართველოდან ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8-პირველ საუკუნეებში და სვანებს აქვთ ძლიერი კულტურული მიჯაჭვულობა მათ ტრადიციულ საცხოვრებელ არეალთან. შესაბამისად, ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებული არის.

• წარმომავლობა მოსახლეობისაგან, რომელიც ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით ან განსაკუთრებული კანონებით ან რეგულაციებით; მესამე მახასიათებელი არ არის გამოყენებადი სვანებთან მიმართებაში. სვანების წარმომავლობა მოდის ტომებისაგან, რომლებიც ეწეოდნენ არამომთაბარე ცხვრებას და ახალი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნიდან სვანეთის საზოგადოება მტკიცედ იყო დაკავშირებული და ინტეგრირებული დანარჩენ საქართველოსთან. არ არსებობს განსაკუთრებული კანონები ან რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება სვანებთან მიმართებაში.

• დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იგივე ინსტიტუტებისაგან;

• სვანები აღიარებენ ტრადიციული პრაქტიკის მნიშვნელობასა და ღირებულებას, რაც მოიცავს საკამათო/კონფლიქტური საკითხების გადაწყვტას სოფლის უხუცესების მიერ;

• თუმცა: ასეთი სისტემა (არსებითად და არა ცალკეული დეტალები) შეიძლება, აღმოაჩინოთ საქართველოს სხვა მხარეებშიც და ის არ არის დამახასიათებელი მხოლოდ სვანეთისათვის; − საპროექტო არეალში, სადაც უხუცესები ვერ გადაწყვეტენ საკამათო/კონფლიქტურ საკითხს, ეს საკითხი წყდება საქართველოს ოფიციალური ინსტიტუტების მიერ, ისეთების, როგორიც არის ადგილობრივი მმართველობა და/ან სასამართლო. − სვანეთი ყოველთვის იყო მთლიანად ინტეგრირებული საქართველოს სამართლებრივ, სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებში. − ყველა სვანი, რომელიც ცხოვრობს ნენსკრისა და ნაკრის ხეობაში, იღებს ისეთსავე ეროვნულ განათლებას, როგორსაც საქართველოს სხვა რეგიონების მცხოვრებლები, მეოთხე მახასიათებელიც არ არის გამოყენებადი სვანებთან მიმართებაში:

• ცალკე ენა ან დიალექტი, ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან რეგიონის ოფიციალური ენისაგან ან დიალექტისაგან. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სვანები საუბრობენ ორ ენაზე; ისინი საუბრობენ საკუთარ, დამწერლობის არმქონე სვანურ ენაზე, ისევე, როგორც ქართულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო ენას და გამოიყენება კომუნიკაციისათვის დანარჩენ ქართველებთან და წერილობითი კომუნიკაციისათვის.

• თუმცა სვანური წარმოადგენს ცალკე ენას და ის განსხვავებულია ქართულისაგან. ამასთან, როგორც ეს გამოკვლეულია ლინგვისტების მიერ, სვანური, მეგრული და ლაზური მიეკუთვნება ქართველური ენების ჯგუფს; ჩათვლილია, რომ სვანური, როგორც ცალკე ენა, გამოიყო ძველი წელთაღრიცხვის მე-2 ათასწლეულში. მეხუთე მახასიათებელი გამოყენებადია სვანების მიმართ. დასკვნის სახით: მიუხედავად იმისა, რომ სვანები წარმოადგენენ მკვიდრ მოსახლეობას და ავლენენ „Indigenous People-ის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში სვანური საზოგადოების მიმართ არ არსებობს შესაბამისობა „Indigenous People“ კრედიტორების განმარტებასთან და შესაბამისად, კრედიტორების „Indigenous People“ პოლიტიკა არ არის მოქმედებაში", - წერია ნენსკრაჰესის სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევაში.

ნენსკრა ჰესის პროექტი (პროექტი) მოამზადა სს „ნენსკრა ჰიდრომ“ (საპროექტო კომპანია). პროექტის განმახორციელებლის მთავარი აქციონერები არიან კორეის სახელმწიფო უწყება „ქეი ვოთერი" (K-water) და საპარტნიორო ფონდი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფლობს. წინამდებარე ანგარიში კი მოამზადა SLR Consulting.

„ლიბერალთან“ საუბრისას „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ სურს კომპანიას, სვანები „აღიაროს“ როგორც „მკვიდრი მოსახლეობა“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიაზე, პროექტის შესრულებამდე კომპანიას სჭირდება მოსახლეობის წინასწარი თანხმობა. შემდგომ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სჭირდებათ სპეციფიკური შესწავლა, კვლევა და განხილვა პროექტის განხორციელება - არ განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“  და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თავის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკაში აქვთ „მკვიდრი მოსახლეობის“ (Indigenous People“) პოლიტიკა.

„სვანების მკვიდრი მოსახლეობის საკითხი ჩვენ დავაყენეთ ბანკის წინაშე და მოვითხოვეთ, შეესწავლათ, რადგან მივიჩნევთ, რომ სვანები არიან მკვიდრი მოსახლეობა. იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებიც ამავე ანგარიშშია ჩამოთვლილი. დამატებითი კვლევები რომ გამოქვეყნდა, წერია, რომ სვანები არ მიიჩნევიან მკვიდრ მოსახლეობად, რადგან თითქოს 5-დან 2 კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ თითქოს სვანების ტრადიციები, თუნდაც დავის გადაწყვეტის, ისეთივე ტრადიციებია, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ, რომ დავის გადაწყვეტის სვანური ტრადიციული მეთოდები აბსოლუტურად განსხვავდება და ეს იცის ყველამ. ის რადიკალურად განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებისგან. შესაბამისად, ამ კომპონენტის გამო, თურმე სვანები არ არიან მკვიდრი მოსახლეები, რაც არის გასაპროტესტებელი. ზუსტადაც, რომ სვანები არიან მკვიდრი მოსახლეობა და მათი თანხმობის გარეშე, ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია“, - ამბობს დათო ჭიპაშვილი.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ის, თითქოს სვანები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თითიდან გამოწოვილია და ამის მიზანია, როგორმე კომანიამ თავიდან აირიდოს, რომ ისინი მკვიდრ მოსახლეობად აღიაროს და არ დასჭირდეთ მთელი რიგი პროცედურების გავლა.

„სწორედ ეს იწვევს სვანების და არამარტო სვანების აღშფოთებას ნენსკრაჰესთან მიმართებით. ცოცხალი თავით არ უნდა არც ჩვენ მთავრობას და, შესაბამისად, არც კომპანიას, რომ სვანები აღიარონ მკვიდრ მოსახლეობად, რაც სრულიად დაუშვებელია, რადგან ისინი სრულიად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია გაეროს შესაბამისი კონვენციებით“, - ამბობს ჭიპაშვილი.

მისი თქმით, მკვიდრი მოსახლეობა შეფასდა არასწორად, საკუთარი ინტერპრეტაციით.

„მცდარი ინფორმაციაა მიწოდებული. როგორ შეიძლება  კარგად შესწავლის შემთხვევაში, თავში აზრად მოუვიდეს ვინმეს  და თქვას, რომ სვანური და მაგ. კახეთში  არსებული ტრადიციები ერთი და იგივეა. საუბარია, რომ, თურმე უხუცესები წყვეტენ საკითხებს. დავების გადაწყვეტის საკითხი სვანეთში აბსოლუტურად სხვაგვარად დგას. რაც შეეხება [განათლების მიღების თემას] ეს უკვე იყო ნამდვილი მანიპულაცია; ვინაიდან სვანები სწავლობენ ქართულ სკოლებში, ამიტომ ისინი არ მიიჩნევიან მკვიდრ მოსახლეებად? მაშ რა უნდა ქნან სვანებმა, ან როგორ წარმოუდგენია ეს კომპანიას? რა შუაშია განათლების მიღება მკვიდრი მოსახლეობის სტატუსთან“, – ამბობს დათო ჭიპაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^