სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას არ ადასტურებს.
„დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში“, - განაცხადეს სუს-ში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.
„სისხლის სამართლის საქმე N006050315005 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში. მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ სუს-ს, მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს“, - განაცხადა იოსელიანმა.