„საქმე ეხება მანქანის ქურდობის ფაქტს, რომელიც მოხდა ორი წლის წინ, მარტში. საქმე ეხება იმ მანქანას, რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის, ერთად გაზრდილები არიან, ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე თითის ანაბეჭდი, მათ შორის, ჩემი შვილის, დღე და ღამე ერთად არიან და ბუნებრივია, ანაბეჭდთან დაკავშირებით ასე მოხდებოდა, თუმცა გუშინ მტკიცებით ფორმაში აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა და რომ სამართალდამცველი ორგანოები ამ ფაქტს ჩქმალავენ. ცხადია, ეს არის ცრუ ბრალდება და ამიტომ, მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ, ერთი მხრივ, გამოიძიონ ფაქტი, რომ ჩემი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე და პასუხი აგებინონ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა“. - ამის შესახებ განცხადება ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები ორი წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში ფიგურირებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ამის შესახებ სესიაშვილის სუს-ში დასაქმების შემდეგ, პირადი ინფორმაციის გადამოწმებისას გახდა ცნობილი, საქმის გამოძიებას კი ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები აფარებენ ხელს.