ამ წუთებში დავით უსუფაშვილი მედიას ხვდება და სამომავლო გეგმებს აცნობს. „ლიბერალი" პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ოფიციალურ ფეიჯზე გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას უცვლელად გთავაზობთ:
რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა წრის, პროფესიის, პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან ერთად ვმსჯელობდი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღევანდელ პრობლემებზე, უახლესი ისტორიის გაკვეთილებზე და ვითარების თვისებრივად გაუმჯობესების გზებზე. გავაანალიზე როგორც სხვისი, ისე საკუთარი შეცდომები და საზოგადოებას ვთავაზობ სამ პუნქტიან გეგმას:
შევთანხმდეთ საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის მთავარ მიზეზზე;
შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად;
შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით.
შეთავაზება #1
შევთანხმდეთ საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის მთავარ მიზეზზე
თავი დავაღწიოთ მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ურთიერთბრალდებებს და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის პრობლემების სათავეა არა „ეს“ ან „ის“ ლიდერი, „ეს“ ან „ის“ პარტია, არამედ ის „დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველი“, რომელზეც ყველა პოლიტიკური ლიდერი - კარგიც, ცუდიც, საშუალოც, ძველიც, ახალიც, მომავალიც - ერთნაირად განწირულია საბოლოო წარუმატებლობისთვის. ამ ველის შექმნაში, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას თავისი წილი აქვს და იგი თითქმის უკვალოდ შთანთქავს ყველაზე უფრო პატრიოტი, პროფესიონალი, პატიოსანი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების, სპეციალისტების, მოქალაქეების ნაშრომ-ნაღვაწის უდიდეს ნაწილს და, საბოლოოდ, თავად მათ უმრავლესობასაც.
საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, აღნიშნული ველი დღეს განსაკუთრებით სახიფათო ხდება ქართული სახელმწიფოსთვის:
· მრავალი მამულიშვილის მიერ დაღვრილი სისხლისა და ოფლის მიუხედავად, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაბადებაც და დღეს მისი არსებობაც გარეშე ფაქტორებით მეტადაა განპირობებული, ვიდრე ჩვენი გეგმაზომიერი ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომითა და სახელმწიფოს წარმატებული მართვის უნარით. დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი, სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში. მისი გაცილებით დიდი ნაწილი მიმოფანტულია სხვადასხვა მტერ-მოყვარე სახელმწიფოების დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათავო ოფისებში.
· მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ეტაპი, რომელიც დომინირებული იყო ცივი ომის დამთავრებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებით, სრულდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ახალი მსოფლიო წესრიგის ვერჩამოყალიბების გამო, ინსტიტუციონალური, იდეური და იდეოლოგიური პრობლემების მოგვარებაში არიან ჩაფლული. მაქსიმუმი, რაც დღეს აშშ-ს და ევროპას ძალუძთ, არის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შემოჭრისათვის ეფექტიანი დიპლომატიური წინააღმდეგობის გაწევა.
· ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სულ უფრო თავისუფლდება საერთაშორისო მორალურ-პოლიტიკური ვალდებულებებისგან და თამაშის საკუთარ აგრესიულ წესებს ახვევს თავს მსოფლიოს. ჩვენს გეოპოლიტიკურ სამეზობლოში დინამიკური და არაერთმნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება, რომელთა გავლენა ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებულ სტატუს-კვოზე რთულად პროგნოზირებადია.
· გლობალური და რეგიონალური გეოპოლიტიკური გარემოებებისწრაფად იცვლება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი კონფიგურაციიდან უარესობის მიმართულებით. ამ ფონზე სულ უფრო რთული გახდება ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი სისუსტეების კომპენსირება გარედან მიღებული პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური დახმარებებით, რაც სახიფათო ნიშნულამდე შეამცირებს ქვეყნის უნარს გაუმკლავდეს მზარდ შიდა და გარე გამოწვევებს.
· ამის გამოც დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობა.
ამ დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველის ძირითადი მახასიათებლებია:
1. სახელმწიფოებრივი მოუწესრიგებლობა. ქვეყანაში ვერ დავამკვიდრეთ სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი წესრიგი. ზოგჯერ წარმატებითაც კი შევებრძოლებოდით ხოლმე ფესვგადგმულ უსამართლობასა და უწესრიგობას, მაგრამ მხოლოდ „სასხვისო უწესრიგობის“ შესაცვლელად „საჩვენო უწესრიგობით“(ასე მოხდა 90-იანების შუა წლებში, 2003, 2012 წლებში).
2. ნეობოლშევიზმი და მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. კომუნისტური ერთპარტიულობის ნაცვლად დამკვიდრდა არა მრავალპარტიულობა, არამედ მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობისთვის. ყველა ხელისუფლება იწყებდა მრავალპარტიულობის ლოზუნგით და ამთავრებდა ერთპარტიული რეალობით (საკონსტიტუციო უმრავლესობით). ყველა ხელისუფალი იწყებდა მეტი დემოკრატიის დაპირებით და ამთავრებდა „ზედმეტ დემოკრატიასთან“ ბრძოლით. ყოველი მათგანი შორდებოდა მოსახლეობას და თითოეულმოქალაქეს მხოლოდ ამომრჩევლად განიხილავდა და არა ქვეყნის შენების თანამონაწილე პარტნიორად. მართალია, ყველა მათგანი საბოლოოდ კრახით ამთავრებდა, მაგრამ მემკვიდრედ არსით თავის მსგავსს შობდა.
3. საზოგადოების გათიშულობა. აფხაზეთი და ცხინვალი თუ მავთულხლართებითა და რუსული ხიშტითაა განცალკევებული, არანაკლები ტერიტორიები და მოსახლეობა ენობრივი და კულტურული ზღუდეებით არის მოწყვეტილი სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. მოსახლეობის მეხუთედი მაინც უცხოეთშია გადახვეწილი, ასობით ათასი მოქალაქე სიღატაკესთან ბრძოლას ახმარს მთელ ძალას და ენერგიას, დანარჩენები კი მზარდი პოლიტიკური უფსკრულებით ვართ ერთმანეთისგან გამიჯნული. ერთმანეთს აღარ და ვეღარ ვუსმენთ, ერთმანეთის თანდათან აღარაფერი გვესმის, ერთმანეთს ნელ-ნელა ზედმეტ ტვირთად მივიჩნევთ, ანუ სახელმწიფოს გამოცლილი აქვს მთავარი საყრდენი ბურჯი - მოქალაქეობრივი სოლიდარობით გაერთიანებული საზოგადოება.
4. საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმი. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან „საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმის ვირუსით“ დაავადება. სახელმწიფო ძალაუფლება მათთვის მალევე კარგავდა იდეური პოლიტიკური მიზნების მიღწევის დანიშნულებას და თავად ხელისუფლებაში ყოფნა ხდებოდა მთავარი პოლიტიკური იდეა. სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებისთანავე ყოველი მათგანი მთლიანად სახელმწიფოს ეპატრონებოდა, სახელმწიფო ინტერესსსაკუთარ ინტერესთან აიგივებდა, ყოველ პოლიტიკურ ოპონენტს ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად მიიჩნევდა და მორიგ არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანად აცხადებდა.
5. ნეგატივზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები. პოლიტიკური პროცესი მოსახლეობას ავსებს არა იმედით და ენთუზიაზმით, არამედ სტრესით და სასოწარკვეთით. პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებას მუდამ უბიძგებენ ვიღაცის წინააღმდეგ, ვიღაცის ჩამოსაგდებად, ვიღაცის პოლიტიკურად გასანადგურებლად. პოზიტიური, აღმშენებლობითი, მაკონსოლიდირებელი პოტენციალი დათრგუნვილია ნეგატიური, დამანგრეველი, გამთიშველი ინსტიქტებით და ჟინით - გვიყვარს ის, ვისთან ერთადაც გვძულს სხვა; გვძულს ყველა, ვინც არ იზიარებს ჩვენს სიძულვილს.
6. აწმყო, შობილი კომუნისტური წარსულისაგან. სახიფათოდ დიდხანს გაგვიგრძელდა კომუნისტური წარსულის ყველაზე უფრო მანკიერ გადმონაშთებთან გამკლავება. ევროპული დემოკრატიული მოდერნიზაციის მცდელობები უფრო ფასადური და ზედაპირული გამოგვივიდა. პოლიტიკური ელიტების მიერ დამკვიდრებულმა ფასადურმა დემოკრატიამ საზოგადოებაში გამოიწვია ფუნდამენტური ღირებულებების დევალვაცია და დისკრედიტაცია. მოსახლეობა ორცეცხლშუა აღმოჩნდა - იგი,ერთი მხრივ, „ევროპაში ვითომ გადამხტარებმა“ მიატოვეს ამბიციური უკანმოუხედაობით და, მეორე მხრივ, „რუსეთის ერთმორწმუნეებმა“ შეაწუხეს პოპულისტური წინდაუხედაობით.
7. არასწორი სახელმწიფო მმართველობა.დღემდე არსებულ არც ერთ მმართველ პარტიას, მიუხედავად ცალკეული მიღწევებისა, არ აღმოაჩნდა კანონის საფუძველზე მოქმედი სახელმწიფოს ინსტიტუტებით მართვის და ქვეყნის სტაბილური განვითარების უნარი. მათმა ლიდერებმა, ფორმალურებმაც და არაფორმალურებმაც, იცოდნენ და იციან მხოლოდ მათდამი პერსონალურად ლოიალურ ინდივიდებზე დაფუძნებული არაფორმალური ქსელით მართვა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იცვლებოდა მხოლოდ არასწორი მართვის სტილი და ფორმა - მმართველობა მიტინგებით, იარაღით, კორუფციით, შიშით, მართული ქაოსით.
8. ბუნდოვანი საერთო მომავალი. საერთო წარსულის გარეშე სახელმწიფოს შექმნა ძალიან ძნელია, ხოლო საერთო მომავლის გარეშე - სრულიად შეუძლებელი. საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას გვაერთიანებს საერთო წარსული, მაგრამ არა გავქვს საერთო მომავლის მკაფიო სურათი, რომელშიც ყველა მოქალაქე დაინახავდა თავის ღირსეულ ადგილსაც და ყველა სხვა თანამოქალაქის საჭიროებასაც.
შეთავაზება #2
შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად
ახალი „კონსტრუქციული პოლიტიკური ველის“ ფორმირება, ანუ სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორების გასწორება, საერთო-ეროვნული, ზეპარტიული ამოცანაა, რომელსაც მთელი აღმშენებლობითი საზოგადოებრივი რესურსით უნდა შევეჭიდოთ. ამოცანა რთულია, მაგრამ გვაქვს საკუთარი ფასდაუდებელი ისტორიული პრეცედენტები, თავისი მწარე გაკვეთილებით.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაახლოებით 25 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი - წარმატებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გადაზრდილიყო ეროვნულ- სახელმწიფოებრივ მშენებლობაში და არა ერთმანეთთან გამანადგურებელ ბრძოლაში. მეტიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თითქმის 100 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა გადაზრდილიყო სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების მოძრაობაში, რაც ვერ მოხერხდა.
დღეს სწორედ ამ ორი საერთო ეროვნული მასშტაბის ისტორიული პროცესისდარი ენერგია, შემართება და კონსოლიდაციაა საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტებისგანაც და მოსახლეობისგანაც. სწორედ ესაა საჭირო, რათა, სანამ ჯერ კიდევ დროა, ხორცი შევასხათ მრავალი თაობის სანუკვარ ოცნებას - ვიხილოთ წელში გამართული, ძლიერი, თითოეული მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტი ქართული სახელმწიფო.
ამისათვის საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების წამყვან ფორმატად უნდა ვაქციოთ სწორედ სამოქალაქო პარტნიორობა. დღეისათვის საზოგადოების ურთიერთმიმართება ძირითადად აწყობილია უფროსობაზე, ხელქვეითობაზე, მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ყველასთვის ზემოდან ყურებაზე, განსხვავებულის მტრად გამოცხადებაზე. ჩვენ ცუდად ვიცით და სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ სწორედ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, არაერთჯერადი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის, გაზიარებული პასუხისმგებლობით, საერთო რესურსით, მაღალი ეფექტიანობით. მხოლოდ ამგვარი სულისკვეთებით, ჩვენ-ჩვენი საკეთებლის სამოქალაქო პარტნიორობის და სოლიდარობის კონტექსტში მოქცევით შევძლებთ:
· საერთო მომავლის დანახვას
· ინდივიდუალური და ეროვნული თვითრწმენის განმტკიცებას
· სამოქალაქო ცნობიერების, აქტიურობის, პასუხისმგებლობის გაზრდას
· წესისა და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას
· თანამონაწილეობას, თვითორგანიზებას, სოლიდარობას.
სამოქალაქო პარტნიორობისთვის და მისი კონკრეტული მექანიზმების შექმნისთვის ვითანამშრომლებ ყველა იმ ორგანიზაციასთან, ექსპერტთან, პროფესიონალთან, აქტიურ მოქალაქესთან, ვინც ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებზე და მზად არის ერთობლივი, უფრო ეფექტიანი ძალისხმევისთვის.
შეთავაზება #3
შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით
დამოუკიდებლობის წლებში დაგროვილი ჩვენივე გამოცდილება ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჩვეული გზით შეუძლებელია - ძველებურად მორიგი სახალხო ლაშქრის შეკრება მორიგი ხელისუფალის დაუყოვნებლივ შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს. პოსტსაბჭოური ეპოქის დასასრულებლად და სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამრუდებული ვექტორების გასასწორებლად ხელისუფლების სადავეებთან უნდა მოვიდეს არა მორიგი მხსნელი, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი პოლიტიკური ძალა. ამგვარი ძალის შექმნით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ:
· დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროექტიახლებური მიდგომებით, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ბევრი რამ შესაძლოა დამკვიდრებული პოლიტიკური ცხოვრების წესისთვის უჩვეულოდ გამოჩნდეს. მაგრამ ჩვეული გზა კვლავ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანს და დროა, შევწყვიტოთ ამ წრეზე სიარული.
· პარტია დავაფუძნოთ იდეით, ხედვით, პასუხისმგებლობით გაერთიანებულ ისეთ მოქალაქეთა შრომას, რომლებისთვისაც საარსებო სოციალურ-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საკუთარი საცხოვრებელი ბინის მოწესრიგება.
· შევქმნათ პარტია, რომელიც უკომპრომისოდ შეებრძოლება თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, მაგალითად, იმის შესახებ, რომ თითქოს თავისუფლება და პატრიოტიზმი ურთიერთსაპირისპირო ცნებებია, რომ თითქოს ევროპელობა მართლმადიდებლობის ხარჯზე მიიღწევა ან მართლმადიდებლობა ევროპელობას ეწინააღმდეგება.
· საპარალამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო ბრძოლაში ჩავებათ ქვეყნის სრულფასოვანი გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით, ჩრდილოვანი მთავრობით, ალტერნატიული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტითდა არა რამდენიმე ლიდერის და რამდენიმე ლოზუნგის ამარა.
· პარტია შევქმნათ თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით. პარტიის სახელი და სხვა ატრიბუტებიც კი ფართო თანამონაწილეობით შევარჩიოთ, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია და არა ლიდერთა პარტია, რომელიც დანარჩენებს მხარდაჭერას სთხოვს.
· ერთად ავაშენოთ ეროვნულ და ევროპულ ისტორიულ-კულტურულ ნიადაგზე მყარად მდგარი პარტია; თავისუფალ, პატრიოტ მოქალაქეთა პარტია; ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველოს გაძლიერების პარტია; ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და ინსტიტუციონალური კარკასის შესაკვრელად.
· ჩვენი პარტიითარ დავიწყოთ სახელმწიფოს მორიგი ახალი წელთაღრიცხვა და სხვისი გაკეთებულისკვლავ ნგრევა. ჩვენი კრედო იყოს - რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; რაც ცუდია, ვცვლით.
· ჩვენი პარტიით ჩვენი მოსახლეობისთვის ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ.
· შევქმნათ პარტია, რომელიც იქნება მისი ყველა ოპონენტი პოლიტიკური ძალის უკეთესობის და არა უარესობის მსურველი და ხელშემწყობი. ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი და ამბიცია, ვიყოთ არა უბრალოდ ცუდზე უკეთესები, არამედ თავისთვად კარგნი.
· ჩვენი ყოველდღიური პარტიული საქმიანობა დავაფუძნოთ პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების განუხრელ და არა შერჩევით დაცვას:
- ჯერ ქვეყანა, მერე პარტია
- ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება
- პრინციპულობა და არა სიჯიუტე
- კომპრომისი და არა გარიგება
- ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა
- კონკურენცია და არა მტრობა
- კრიტიკა და არა შეურაცხყოფა
- შემკრებობა და არა გამთიშველობა
- კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა
- დიალოგი და არა მონოლოგი
- სიყვარული და არა სიძულვილი
· პარტიის ფორმირების პროცესშივე აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში. მოსახლეობის სამსჯავროზე გამოვიტანოთ მომავალი პარტიის ძირითადი ხედვები, მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა და არჩევნების შედეგები გამოვიყენოთ საფუძვლად და გამოცდილებად შემდეგი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
· მაისის ბოლოს საზოგადოებას წარვუდგინოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ძირითადი გუნდი, რომელიც საარჩევნო პროცესში გაფართოვდება. არჩევნების შემდეგ, ერთად შრომაში და ბრძოლაში გამოცდილებმა და მოსახლეობის ჩართულობით და მხარდაჭერით აღჭურვილებმა ოფიციალურად დავაფუძნოთ ახალი პარტია.
დასახული მიზნების მისაღწევად შევეცდები თანამშრომლობის გზები გამოვძებნოყველასთან, ვისაცსურვილიაქვსარამხოლოდისაუბროსსირთულეებზე, არამედიმოქმედოსკიდეც.
ვიღებ პასუხისმგებლობას, იმაზე, რაც ჩემი მონაწილეობითაც სწორად ვერ კეთდებოდა, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. ამიტომაც ვალდებული ვარ,გამოცდილება, ძალა, ენერგია საქმის უკეთ კეთებას მოვახმარო.
მოვძებნოთ ერთმანეთი, სწორედ შენების დროა!