როგორც „ევროპის სახალხო პარტია“ აცხადებს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავის პოლიტიკურ ჯგუფს ევროკავშირში განუცხადა, რომ ის შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რათა შეიცვალოს ზომები აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ვიქტორ ორბანის პარტია FIDESZ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. მათი შეხვედრა შაბათს გაიმართა.
„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ საბჭოში განაცხადა, რომ შეასრულებს ევროკომისიის ყველა მოთხოვნას დადგენილ ვადებში“, - განუცხადა ევროპის სახალხო პარტიის სპიკერმა ჟურნალისტებს
REUTERS-ის ინფორმაციით, თავად ორბანი ადგილობრივი ტელევიზიების ეთერში ამბობს, რომ უმაღლესი განათლების საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გზით მომდევნო თვეების განმავლობაში განიხილავს.
„უნგრეთს პირობებს ვერავინ დაუწესებს“, - განაცხადა ორბანმა უნგრელ ჟურნალისტებთან შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე
ოთხშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნგრეთს 1-თვიანი ვადა მისცეს, უმაღლესი განათლების შესახებ 4 აპრილს მიღებული კანონის ჩასასწორებლად. ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ფუნდამენტურ ევროპულ თავისუფლებას.