„რესპუბლიკური პარტია“ ქვეყანში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეიმუშაოს საქართველოს ამნისტიის კანონი, რომლის თანახმადაც, დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ან საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ამავე მუხლებით მსჯავრდებული ყველა პირი.
„რესპუბლიკელების" განცხადებით, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას მძიმე და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს, ამიტომ პარტია გამოდის ინიციატივით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგან ჰუმანური ნაბიჯი.
მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება იმ დრაკონული კანონმდებლობის შედეგად არათანაზომიერად მკაცრი სასჯელების მსხვერპლი მოქალაქეების რეაბილიტაციას და ასევე მოწოდებას, რომ ერთად დავიწყოთ ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება პირველ რიგში პრევენციაზე, ზიანის შემცირებაზე, ადეკვატურ და ადამიანურ სანქციებზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე.
„ასევე მნიშვნელოვანია, გაუქმდეს საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მხრივ, არამედ მიმართულია ალოგიკური დაბრკოლებების შექმნისკენ. ამ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს ერთმევა უფლება, მართოს ავტომობილი, დასაქმდეს საბიუჯეტო/სახაზინო დაწესებულებებში და სხვა მრავალი შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ართმევს ადამიანს შანსს, მომავალში იყოს დასაქმებული, წარმატებული. ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შედეგადაც მიკროსკოპული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო მინიმუმ 5 წლით ვუშვებთ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ათასობით ადამიანს ვტოვებთ მარჩენალის, მეუღლის, მამის, დედის, შვილის გარეშე, ათასობით ბავშვს ვართმევთ მშობელთან ურთიერთობის საშუალებას, ათასობით ოჯახს ვაყენებთ მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე და ვტოვებთ მარტო ამ პრობლემებთან. ჩვენი ინიციატივა მიმართულია ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ, მისი ადეკვატურობისკენ.
წლებია, ამგვარ პოლიტიკას ჩვენთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, პირიქით, წლიდან წლამდე იზრდება პრობლემური მომხმარებლის რაოდენობა, ზედოზირების, ინფექციური დაავადებების გავრცელების ტემპი. უფრო მეტი ადამიანი წყდება საზოგადოებას და პრაქტიკულად ერთმევა წარმატებული ცხოვრების შანსი. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ მიესალმება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებულ კანონპროექტს და მიაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა, პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში. ნარკოპოლიტიკის, რომელიც არ იქნება მიმართული ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ დასჯისკენ, არამედ რეალურად იზრუნებს მათზე, იზრუნებს ჩვენს მომავალ თაობაზე, არ იქნება ადამიანების დაშინებისკენ მიმართული", - წერია პარტიის განცხადებაში.