განათლების სამინისტრო ახალი პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მიზანი სწავლის ხარისხის ამაღლება და სკოლებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში წარმატებული სკოლები სხვა საჯარო სკოლებთან ითანამშრომლებენ, რაც გამოცდილების გაზიარებას და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
„პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას და სხვა" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ და 162-ე საჯარო სკოლებს შორის გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული სკოლა თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს 162-ე საჯარო სკოლას, მიაწოდებს ინფორმაციას პირველი ექსპერიმენტული სკოლის პროგრამების შესახებ და სკოლის შესაბამისი კადრებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელს შეუწყობს 162-ე საჯარო სკოლას მსგავსი პროგრამების დანერგვაში.