Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა უბიძგებთ სწავლის მიტოვებისკენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს

03 მაისი, 2017 18:49

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების წინაშე არსებული გამოწვევები ძირითადად არაქართულენოვან სკოლებში სწავლების ხარისხსა და უმაღლესი განათლების ხელმისწავდომობას უკავშირდება,- ასეთია კვლევის ერთ-ერთი  მიგნება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებს იკვლევდა.

კვლევის ძირითადი მიზანი იმ ფაქტორების შესწავლა იყო, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს სწავლის მიტოვებისკენ უბიძგებთ.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, ქართველ თანატოლებთან შედარებით, ზოგად განათლებაში ნაკლებად არიან ჩართულნი. ამის მაგალითად ანგარიშში მოტანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, დაწყებით სკოლაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვების 86%, ეთნიკურად სომეხი ბავშვების 93%, ეთნიკურად ქართველი ბავშვების 94% დადის.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული, საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობაა. უფრო კონკრეტულად კი, საქმე ეხება ქართულიდან თარგმნილ სახელმძღვანელოებს, რომლებიც, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ხშირად დაბალი ხარისხისაა და მოსწავლეებს მშობლიურ ენაზეც კი უჭირთ აზრის გამოტანა. რაც შეეხება ე.წ. „ბილინგვურ სახელმძღვანელოებს“, რომლითაც ძირითადად სამოქალაქო განათლების საგნები ისწავლება, მოსწავლეებისათვის ქართული ენის სათანადო დონეზე არცოდნის გამო გაუგებარი რჩება. რაც თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეები კონკრეტულ საგანში საჭირო ცოდნას ვერ იღებენ. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე დაწერილი ან თარგმნილი ლიტერატურა მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის, არც სკოლის ბიბლიოთეკებში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გაკვეთილებზე დასწრება და სკოლის გაცდენის პრევენციის ქმედითი მექანიზმების საკითხი.  

ამის დასადასტურებლად ანგარიშში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის არსებული მონაცემებია მოტანილი, რომლის თანახმადაც, სწავლა 12 441 მოსწავლემ მიატოვა. სწავლის მიტოვების მაჩვენებელი კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში - ქვემო ქართლში 3.8%,  სამცხე ჯავახეთში კი 2.1%.

კვლევის ფარგლებში წარმოებულ ფოკუს ჯგუფებში მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენას ძირითადად ინტერესისა და მოტივაციის ნაკლებობით, ასევე დასაქმებით ხსნიან. საქართველოში მცხოვრები შესაბამისი ასაკის ბავშვებიდან 5.8% დასაქმებულია. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ყველაზე მეტი ბავშვი სამცხე-ჯავახეთში (15.1%) მუშაობს. სომეხი მოსწავლეები კი აზერბაიჯანელი და ქართველი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო ხშირად ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს.

სწავლის მიტოვების მიზეზებს შორის ადრეული ქორწინებაცაა, - „მართალია, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მოსწავლეა დაქორწინებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობიდან, კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები ხშირია“.

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ამ მხრივ სტატისტიკური მონაცემები ასეთია: სამცხე-ჯავახეთში დაოჯახების მიზეზით სკოლიდან გასული მოსწავლეების წილი სხვა რეგიონებში დაფიქსირებულ იმავე მონაცემებს აღემატება. რაც შეეხება ქვემო ქართლს,  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქორწინებაში მყოფი ქალების 32% 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული, ხოლო 13-14 წლის ასაკში დაქორწინებულთა წილი 5%-ს შეადგენს.

„2010 წელს დაფიქსირდა 30 მშობიარობა 1000 ეთნიკურად ქართველ გოგონაზე, 59 მშობიარობა 1000 ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, 143 მშობიარობა 1000 ეთნიკურად აზერბაიჯანელ გოგონაზე და 66 მშობიარობა სხვა ეთნიკური წარმომავლობის 1000 გოგონაზე, რაც ირიბად შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ყველაზე მეტი ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგონა სწორედ ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს“,- ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ქართული ენის სწავლების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის, თარგმილი სახელმძღვანელოები, უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების სისტემა, გამარტივებული ჩარიცხვა უმაღლესი განათლების საფეხურზე, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა და სხვა მთლიანობაში დადებითად ფასდება. თუმცა, აღნიშნულ ღონისძიებებს საუნივერსიტეტო განათლებაზე ხელმისაწვდომობა რადიკალურად არ გაუზრდია,- „უფრო მეტიც, კვლევის მონაწილეების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის აუცილებელი საშუალო განათლება ყველამ მიიღოს ან უმაღლეს დაწესებულებაში ბევრმა ჩააბაროს, შეიძლება მიგვითითებდეს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად ზემოთ აღწერილი ხელშემწყობი მექანიზმებისა სასკოლო საზოგადოება შეიძლება არ არის კეთილგანწყობილი მოსწავლეების მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნების იდეის მიმართ.“

კვლევა „განათლების საკონსულტაციო ცენტრმა“ ევროკავშირისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2016 წლის ივლის-ოქტომბერს. კვლევისას გამოყენებულია სამაგიდო კვლევისა და თვისებრივი კვლევის მეთოდები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^