აღმაშენებლის გამზირზე სასადილო „მაფშალიას“ საქმიანობის უფლება შეუჩერეს.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას სასადილოს თანამშრომელი ელზა კალანდია ამბობს, მათ განუცხადეს, რომ დაწესებულება სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. მისივე თქმით, ასევე დააკისრეს 1000-ლარიანი ჯარიმა.
„სადაც ჩვენ ვმუშაობდით არის 300 წლის სახლი. ჩვენთან სტუმარი რომ მოდიოდი, შემოგევლოთ ჩემი თავი, ყველას ამას ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვიწუნებთ და მაინც რომ მოდიხართ-მეთქი. საჭმელს გემრიელს ვამზადებდით და სუფთად, მაგრამ ინტერიერი არ გვივარგოდა... ძველებურ სახლში რაც არ უნდა გააკეთო, ხელს მაინც ხომ ვერ დაატყობ. კომისია რომ მოვიდა, არ ჯდებით სტანდარტებშიო, არ შეიძლება ასეთ პირობებში მუშაობაო და მოგვცა დრო, დაგვიწერეს ჯარიმა და გვითხრეს, რომ გაარემონტეთო. რემონტს რომ მორჩებით, მოგვმართეთ განცხადებით და თუ მოაწესრიგებთ, ისევ გაარძელებთ საქმიანობასო.
ხვალ მოვა მეპატრონე, ჩვენ ვერ შევძლებთ რემონტს.. 2 და 3 ლარად საჭმელს რომ ყიდი, რემონტისთვის თანხა არ რჩება. თუ მეპატრონე შეგვპირდება.. იქნებ სულ გაყიდოს... არ ვიცით, რა ვქნათ, დავრჩით ვალებით და მშივრები“, - განაცხადა „ლიბერალთან“ საუბრისას ელზა კალანდიამ.
როგორც „ლიბერალს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, „მაფშალიას“ „კრიტიკული შეუსაბამობების გამო“ შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
„პროცედურა არის ასეთი - საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები და როდესაც ეს შეუსაბამობები გამოსწორდება, ამის შემდეგ აღდგება პროცესი“, - აცხადებენ სააგენტოში.
„მაფშალიას“ დახურვამ Facebook-ზე კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია