Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მოხდა 162-ე საჯარო სკოლაში

04 მაისი, 2017 17:51

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დღეს  სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პედაგოგები და მშობლები პირველ ექსპერიმენტულსა და 162-ე საჯარო სკოლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მემორანდუმი სკოლაში კადრების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.

მშობლები და პედაგოგები პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ, რადგან მემორანდუმთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ.

162-ე საჯარო სკოლის დირექტორმა სოფო ფანცულაიამ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ მემორანდუმში არაფერი წერია ისეთი, რის გამოც სკოლის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებს ეჭვი გაუჩნდათ.

მისივე თქმით, პრობლემა გამოიწვია იმან, რომ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია პედაგოგებმა ხელმოწერის შემდგომ გაიგეს.

 „პედაგოგებმა და მშობლებმა მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ გაიგეს გვიან, ტელევიზიისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, განაწყენდნენ, რატომ ჩვენ არ დაგვეკითხეო, პრინციპში მართლებიც არიან. მზად ვარ თანამდებობა დავტოვო, მათი მოთხოვნის გამო არა, მე ჩემს გადაწყვეტილებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მიმაჩნია, რომ თავიდანვე უნდა სცოდნოდათ რომ მემორანდუმზე ხელს ვაწერდი“,- უთხრა „ლიბერალს“ სოფო ფანცულაიამ.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი იყო მათი სკოლიდან პირველი კლასელების ხუთი ჯგუფისთვის დროებით, უსასყიდლოდ 162-ე საჯარო სკოლის ფართის გამოყენება, ვინაიდან სკოლას ამ ჯგუფებისთვის საკმარისი ფართი არ გააჩნია. ასევე იგეგმებოდა ტრენინგები, პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

„მემორანდუმი გულისხმობს მხოლოდ თანამშრომლობას, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს განვითარებაში, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. საუბარი იყო სკოლის პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობაზე, რომ ერთმანეთის რესურსი გამოგვეყენებინა, მაგალითად ვაპირებდი ჩვენს სკოლაშიც დაგვესაქმებინა მათი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის თუ სხვა საგნების მასწავლებლები“,- განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა სკოლის ოპტიმიზაციაზე, ვინაიდან ოპტიმიზაცია არც ერთი სკოლის ინტერესში არ შედის.

„იმედს ვიტოვებ, რომ სწორი ინფორმაცია არ იყო მიტანილი სკოლის მასწავლებლებთან და ისინი რომ გაერკვევიან სიტუაციაში, ემოცია დაწყნარდება“,- განაცხადა მან.

162-ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი თქმით, არც ერთი სკოლის გაერთიანება და ოპტიმიზაცია არ იგეგმება.

„ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ  სკოლები  ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს  არასწორია.  მესმის, რომ შესაძლოა, წინა წლების გავლენის შედეგად აქვთ ეს შიშები, მაგრამ მსგავსი არაფერი იგეგმება. უფრო მეტიც - ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ",- განაცხადა მან.

დღესვე 162-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, თუ სკოლებს თანაშრომლობის სურვილი არ ექნებათ, გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით მიიღებენ.

„იძულება არ ყოფილა. თუ სკოლებს თანაშრომლობის სურვილი არ ექნებათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით. ორ სკოლას შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს სკოლა და არა გარე პირები",- განაცხადა მან.

საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტის დაწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 მაისს დააანონსა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სკოლებს შორის ფართო ფორმატის კომპლექსურ თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული რესურსით ერთობლივი სარგებლობის უფლებას, ისე, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში მხარდაჭერას, პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, საგანმანათლებლო რესურსების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას და სხვ.

თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლასა და 162-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა.

ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^