
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა. მან ხმების 66.06% აიღო, ხოლო „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა - 33.94%.
39 წლის მაკრონი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.
მარინ ლე პენმა მხარდამჭერებთან განაცხადა, რომ ის ულოცავს მაკრონს გამარჯვებას და ეს გამარჯვება ნიშნავს რომ საფრანგეთმა ძველი გზა აირჩია. მისი თქმით, ის არჩევნების შედეგების შემდეგ დაიწყებს ახალ კამპანიას.
„ჩვენ უნდა განვაახლოთ ჩვენი ძალები, უნდა დაიწყოს პარტიის ცხოვრების ახალი ფაზა, ის რაც საფრანგეთს სჭირდება და აუცილებელია“, - განაცხადა მან.
ემანუელ მაკრონი 2012 წელს ფრანსუა ოლანდის პირველი მთავრობის მდივნის მოადგილედ დაინიშნა, მანამდე კი იყო საინვესტიციო ბანკირის პოზიციაზე. 2014 წელს მაკრონი ეკონიმიკისა და მრეწველობის მინისტრი გახდა. ის რეფორმებს ითხოვდა. 2016 წელს მაკრონი თანამდებობიდან გადადგა. მან სოციალ-ლიბერალური პოლიტიკური პარტია En Marche! დააფუძნა. მაკრონი არის ბიზნესისა და ევროკავშირის ძლიერი მხარდამჭერი.
ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი 2016 წლიდან არის პარტია „ნაციონალური ფრონტის“ წევრი. ლე პენი ასევე არის ევროპარალამენტარი. მისი საარჩევნო პროგრამა ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას ითვალისწინებს და სურს, რომ საფრანგეთმა ევროზე თქვას უარი, ხოლო ევროკავშირში წევრობაზე რეფერენდუმი გაიმართოს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ ოთხი განიხილებოდა გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატად - კონსერვატორი ფრანსუა ფიონი, რადიკალი მემარჯვენე მარი ლე პენი, ლიბერალ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და რადიკალი მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ემანუელ მაკრონმა და მარინ ლე პენმა გააგრძელა. პირველ ტურში მაკრონმა ხმების 23.7% აიღო, ხოლო
ლე პენმა - 21.7%.