„8 დღის მანძილზე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა "ღამის მგლების" ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორამციით, ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის.
„აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ.
შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს“,- აღნიშნავს თეა პერტაია.