
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ბიზნესმენ ფადი ასლის პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის, რადგან ამ უკანასკნელმა მას კორუმპირებული უწოდა.
ასლი ამბობს, რომ სარჩელი მას ოფიციალურად გუშინ ჩაბარდა.
„მოსამართლეთა ღირსება და რეპუტაცია მათ მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენების შედეგია და სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მოსამართლე უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს, ზოგი კი - არასახარბიელო. მოსამართლე კაკაბაძის ქმედებები და გადაწყვეტილებები ტერაბანკის, ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეებთან დაკავშირებით, წარმოადგენდა კორუმპირებულ და სამარცხვინო ლაქას ქართული სასამართლო სისტემისთვის. თავისი კორუმპირებული ქმედებებით, ვლადიმერ კაკაბაძემ არამარტო პირადი რეპუტაცია დააზარალა, არამედ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან ზიანი მიაყენა სრულიად ქართული სასამართლო სისტემის რეპუტაციას, ღირსებასა და სანდოობას" - წერს ბიზნესმენი Facebook-ზე.
მისი თქმით, 2017 წლის 24 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა მოსამართლე კაკაბაძის ხელფასის შეჩერებისა და სრული გამოძიების მოთხოვნით.
მისი განმარტებით უცნაურია, რომ მოსამართლე კაკაბაძეს სარჩელი შეაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საქმის გამოძიების დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ მოსამართლემ ბიზნესმენის წინააღმდეგ სარჩელი აპრილის დასაწყისში შეიტანა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.