ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის მკვიდრი მუსლიმები მოხის კომისიის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს.
განცხადების თანახმად, მათთვის მიუღებელია ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეაც, რადგან იგი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა არასდროს ყოფილა.
მოხელი მუსლიმების განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„სოფელ მოხის მუსლიმი თემი შევიკრიბეთ და ავღნიშნავთ, რომ რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა, ეგრეთ წოდებულმა ,,მოხის მეჩეთის" წარმომავლობის დამდგენმა კომისიამ ა/წლის 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე და დაადასტურა ადგილობრივი მოსახლეობის მრავალგზის გამოთქმული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს არ უნდა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა და ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღსანიშნავია, რომ თავიდანვე კომისია შეიქმნა არსებული ნახევრად დაშლილი შენობის წარმომავლობის დასადგენად, კომისიამ კი ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა წამოჭრა, რაც არანაირად არ იყო ადგილობრივების მოთხოვნა. სწორედ ამიტომ იყო,რომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ კომისიას საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადა.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, მოხის მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, კატეგორიულად აპროტესტებს ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებასა და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას, აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას, მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად".
მოხის ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მას „სადავო ნაგებობა“ ეწოდა - შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ გამოაცხადა. კომისია, რომელიც 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, უქმდება.
კომისიის თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა და დაცვისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა.
თუმცა, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ნაგებობის წარმომავლობის შესწავლას ძეგლთა დაცვის სააგენტო გააგრძელებს.