საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს.
„მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან გამართული შეხვედრის შესახებ და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ ამ სფეროში თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
ელჩი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა.
იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ის გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას, ხოლო კონკრეტულად ვიზიტთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ზალბერი თავად გააკეთებს განმარტებას.
ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული თანამდებობის დაკავება მიულოცა.