„ამ თარიღთან ასოცირდება ბრძოლა, ძალადობა, დამცირება, დევნა, კრიმინალიზაცია, პათოლოგიზაცია, დაუსჯელობა, და უსამართლობის განცდა, სწორედ ისე, როგორც ჩვენს ბრძოლაშია, - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამ ბრძოლას ასევე უკავშირდება ბოროტებაზე გარდაუვალი გამარჯვების რწმენა, ისევე, როგორც ჩვენს ბრძოლაშია. როდესაც სისტემა ძალადობს შენზე, მისთვის მთავარია წაგართვას თავისუფლება, ისევე როგორც ჩვენთან. თუმცა, ამ შემთხვევაში გართმევენ ქუჩაში გამოსვლის უფლებას. 2001 წლამდე საქართველოში იგივე სქესის ადამიანებს შორის ზრდასრული და ურთიერთთანხმობაზე დამყარებული სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა, ისევე, როგორც ნარკოტიკის მოხმარება დღეს. და ისევე, როგორც ნარკოტიკის მოხმარება ითვლება ავადმყოფობად, 1991 წლის 17 მაისამდე ჰომოსექსუალობაც ფსიქიურ დაავადებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ აღინიშნება 17 მაისს ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებს ლგბტქი თემს, ისევე, როგორც ლგბტქი თემი მუდამ დგას ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ჩვენი სოლიდარობა ერთადერთი საწინდარია ამ უთანასწორო ბრძოლაში გარდაუვალი გამარჯვებისა.
და თუ დღევანდელი დღე ოჯახის სიწმინდის დღეცაა, მაშინ ის ყველა ოჯახის, ყველა იმ ოჯახის სიწმინდის დღეა, რომელსაც სიყვარული უდევს საფუძვლად!", - აცხადებენ მოძრაობაში.