Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი უნდა იყოს ბედნიერი ოჯახი - რჩევები პატრიარქისგან

17 მაისი, 2017 18:22

საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს წერილს, სადაც მრევლს რჩევებს აძლევს:

"ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ.

რას ნიშნავს ეს?

ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც.

ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან, მაგრამ, წესით, ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ, – შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ყველამ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50_ე და 90-ე ფსალმუნები, „იესოს ლოცვა“, „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და სხვა.

მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება; უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ; ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული. და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გამოჩნდება; სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი.

მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეთ.

ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას; რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე“ და „შენ“ ურთიერთობად, „ჩვენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს.

იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი.

ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს; ყოველთვის ეცადეთ, რთულ სიტაუციებში გაუგოთ ერთმანეთს, იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო.

არასოდეს დაამცირო იგი შვილების, ან სხვათა წინაშე. რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაშიც არ დაგერღვეთ ზღვარი და შვილებსაც  თქვენდამი პატივისცემა არ დააკარგვინოთ.

გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რაიმე შეგეშალათ, ან მათ შეეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება დიდი ღირსებაა. ეს ძლიერი პიროვნებების თვისებაა.

არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქით, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ ად ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ.

არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს მათზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინოო. მით უმეტეს, – მეუღლესთან.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენ თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: – „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ-იყო ქვეყანასა ზედა,“ – ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა.

შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ, თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს.

მშობლისგან ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ესა თუ ის ქმედება მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოხატოს იმაშიც, რომ ბავშები ცხოვრებისათვის მომაზადოთ. ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი დასაქმება, შეასწავლეთ საქმე, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ.

შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატრეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს; ასწავლეთ საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, ატარეთ სპორტზე, – აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ; ჩაუნერგეთ, რომ ისინი არინ ნიჭიერნი, რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისგან.

მოუწონეთ სხვისი დახმარება, გასნაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება… და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან.

შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რათა შეჯერებული პოზიციით დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები.

შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები.

ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული გააჩნდეს).

ვისწავლოთ პირველ რიგში ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვრის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება.

უფალი ბრძანებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.

მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ!"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^